ნეტგაზეთი | ადვოკატების ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ უფლებადამცველს სასტიკად სცემეს ადვოკატების ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ უფლებადამცველს სასტიკად სცემეს – Netgazeti
RU | GE  

ადვოკატების ცნობით, აზერბაიჯანში დაკავებულ უფლებადამცველს სასტიკად სცემეს

ადვოკატების ცნობით, აზერბაიჯანში, წინასწარი დაკავების იზოლატორში მყოფ უფლებადამცველს, ლეილა იუნუსს, სასტიკად სცემეს.

იუნუსის ცემის შესახებ ერთობლივი განცხადება ხუთმა ადვოკატმა გააკეთა. 

 

“დღევანდელ შეხვედრაზე ლეილა იუნუსმა გვითხრა, რომ ბოლო დღეებში მას არ ჰქონდა ცხელი წყალი და იძულებული იყო ცივი წყლით ებანავა. შედეგად ის გაცივდა და მაღალი სიცხე ჰქონდა. ამის მიუხედავად, სამედიცინო დახმარება არ გაუწიეს. გარდა ამისა, მისი კამერა კვირას გაჩხრიკეს, სადაც ბადრაგები გარკვეულ ჩანაწერებს ეძებდნენ. ჩხრეკის შემდეგ ადმინისტრაციამ მისი დასჯის შესახებ განაცხადა – ერთი თვის განმავლობაში მას ტელეფონით ახლობლებთან საუბარი აეკრძალა,”- აცხადებენ ადვოკატები.


იუნუსმა ადვოკატებს განუცხადა, რომ “სამშაბათს მასთან წინასწარი დაკავების იზოლატორის თანამშრომელი, მაიორი იაგუბოვი მივიდა, ხელები გადაუგრიხა და სხვა, ცარიელ კამერაში გაიყვანა. იქ იატაკზე დააგდო და თმით ითრია. თან უყვიროდა და ეუბნებოდა  “აბა, არ გინდა ხომ, დაჭკვიანდე?!” შემდეგ კი თირკმელებში ურტყამდა.” 

 

ადვოკატების თქმით, ლეილა იუნუსი აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების ჩატარებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს. ამასთან, მისი თქმით, ის სამედიცინო დახმარებას საჭიროებს. კერძოდ, წითელი ჯვრის წარმომადგენლების იზოლატორში ვიზიტს ითხოვს.

 

აზერბაიჯანის ოფიციალური უწყებებს ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. 

 

ლეილა იუნუსი აზერბაიჯანის სამართალდამცავებმა მიმდინარე წლის აპრილშიც დააკავეს. ის აზერბაიჯანში “მშვიდობისა და დემოკრატიის ინსტიტუტის” დირექტორია, მან და მისმა კოლეგამ სომხეთიდან, ლაურა ბაგდასარიანმა, სომხეთში კვლევითი ცენტრის “რეგიონის” დირექტორმა, ბაქოში სომხეთისთვის ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, რაუფ მირკანდიროვის დაუყოვნებლივი გათავისუფლების მოთხოვნით მიმართვა გაავრცელეს. 

 

 

 

მიმართვაში ისინი საზოგადოებას მოუწოდებდენ, კავკასიაში მშვიდობის დასამყარებლად და აზერბაიჯანელ და სომეხ ხალხს შორის სიძულვილისა და შუღლის გაღვივების წინააღმდეგ ხმა აემაღლებინათ. 



ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az
ლეილა იუნუსი; ფოტო: contact.az


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი