ახალი ამბები

როგორ გავაჩინე 2 შვილი აივ/შიდსით ინფიცირების შემდეგ|ზეპირი ისტორია

1 აპრილი, 2019 • 6880
როგორ გავაჩინე 2 შვილი აივ/შიდსით ინფიცირების შემდეგ|ზეპირი ისტორია

თამუნა გახოკიძე სოციალური მუშაკია. 2008 წელს გაიგო, რომ აქვს აივ/შიდსი. უკვე წლებია, შიდსის ცენტრში ანტირეტროვირუსულ მკურნალობას იტარებს. ჰყავს სამი შვილი, აქედან ორი ინფიცირების შემდეგ გააჩინა. არც ბავშვებს და არც მის პარტნიორს თამუნასგან ვირუსი არ გადასდებიათ.

გაიგეთ მეტი აივ/შიდსზე - დააკლიკეთ

აივ ნიშნავს ადამიანის იმუნიდეფიციტის ვირუსს, შიდსი კი არის აივ ინფექციით გამოწვეული მდგომარეობა.  აღნიშნული ვირუსი ადამიანის ორგანიზმში აღწევს დაუცველი სექსუალური კავშირით, სისხლით, ასევე, დედიდან შვილზე (მკურნალობის უგულებელყოფის შემთხვევაში).

ორგანიზმში მოხვედრის შემდეგ აივ/შიდსი დროთა განმავლობაში აზიანებს ადამიანის იმუნურ უჯრედებს და ასუსტებს მას. თუმცა, მსოფლიოში და მათ შორის საქართველოშიც, ხელმისაწვდომია თანამედროვე პრეპარატები, რომლის წყალობითაც აივ/შიდსი უკვე წლებია, არ არის მომაკვდინებელი. ის მართვად, ქრონიკულ მდგომარეობად გადაიქცა. თუ ადამიანები დროულად იწყებენ მკურნალობას, ვირუსის რაოდენობა სისხლში იკლებს და ნულს უტოლდება, ჯანმრთელობის საერთო მდგომარეობა უმჯობესდება და აივ-დადებითი ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა უტოლდება არაინფიცირებულის ხანგრძლივობას.

მკურნალობის შემთხვევაში, ინფიცირებულიდან არაინფიცირებულზე ვირუსის გადაცემის შანსი უკიდურესად დაბალია. აივ/შიდსით ინფიცირებულებს შეუძლიათ გააჩინონ სრულიად ჯანმრთელი შვილები, რომლებიც არ იქნებიან ვირუსის მატარებელი. ასეთ დროს მნიშვნელოვანია ექიმის რეკომენდაციების გათვალისწინება. ვირუსისგან თავდაცვის ყველაზე ეფექტიანი გზა არის უსაფრთხო სექსი პრეზერვატივის გამოყენებით.

აივ/შიდსის ტესტირება და მკურნალობა საქართველოში უფასოა და მას სახელმწიფოსთან ერთად გლობალური ფონდიც აფინანსებს.

შეიძლება, წლები ისე გავიდეს, რომ აივ-მა ადამიანის ორგანიზმში უსიმპტომოდ დაჰყოს, სწორედ ამიტომ ენიჭება დიდი მნიშვნელობა დროულ ტესტირებას და, შესაბამისად, დროულ მკურნალობას.

უფასო ტესტირებისთვის მიმართეთ შიდსის ცენტრს მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 16 (ინფექციური საავადმყოფოს ტერიტორია). ტელ: (+995 32) 2 39 80 18

 

Როგორ გავაჩინე 2 შვილი აივ/შიდსით ინფიცირების შემდეგ

“Როგორ გავაჩინე 2 შვილი აივ/შიდსით ინფიცირების შემდეგ” – მოისმინეთ თამუნა გახოკიძის ზეპირი ისტორია. ვრცლად წაიკითხეთ აქ: http://netgazeti.ge/news/352700/

Posted by netgazeti.ge on Monday, April 1, 2019

დიაგნოზი – აივ დადებითი

2004 წლის 18 ნოემბრიდან ვიხდიდი სასჯელს ქალთა მეხუთე დაწესებულებაში. აივ/შიდსზე, C ჰეპატიტსა და ტუბერკულოზზე ანალიზების გაკეთება სავალდებულო იყო. დაპატიმრებიდან ძალიან მალე მოვიდნენ ექიმები ანალიზის გასაკეთებლად. მაშინ უარყოფითი პასუხი მოვიდა. არასამთავრობო ორგანიზაციები ქალთა დაწესებულებაში ყოველ წელს შემოდიოდნენ და ატარებდნენ გამოკვლევებს. სისტემატურად ვაბარებდი სისხლს და ვაკონტროლებდი ჩემს ჯანმრთელობას. 2008 წლის 2 დეკემბრამდე ვიყავი ჯანმრთელი. დაახლოებით ხუთი ანალიზის პასუხი მქონდა აივ-უარყოფითი და მეექვსე ანალიზი აღმოჩნდა დადებითი.

ინფორმაცია არ მქონდა, გარდა იმისა, რომ იყო რაღაც მომაკვდინებელი დაავადება, რომელიც გადადის დაუცველი სქესობრივი კონტაქტითა და სისხლით. ის, რაც მე ვიცოდი, შეიძლება მცირე ინფორმაციადაც კი ვერ ჩათვალო. პირველი რეაქცია ასეთი მქონდა – თუ მე არ ვიყავი იქ დაცული, სხვები აუცილებლად უნდა ყოფილიყვნენ დაცულები. როდესაც დადებითი პასუხი მომივიდა, კადრებად გადიოდა ჩემს თვალებში – როგორ ვიცოცხლე 25 წლამდე და როგორ უნდა მეცოცხლა 25 წლის მერე. ამის შემდეგ ბარაკში, სადაც დაახლოებით 65 ქალი ვცხოვრობდით, ჩემი ანალიზის პასუხი საინფორმაციო მასალებთან ერთად დავდე და ვთქვი, აივ/შიდსზე მომივიდა დადებითი პასუხი და ვისაც ჩემთან რამე ურთიერთობა გაქვთ, რითაც შეიძლება გადაგედოთ, მომერიდეთ-მეთქი. ამის მერე გავედი გარეთ. იქ რომ დავრჩენილიყავი, ზუსტად ვიცოდი, იმ საინფორმაციო ბუკლეტებს არავინ წაიკითხავდა და არც ჩემს დადებით პასუხს შეამოწმებდა.

საკმაოდ დიდი ხანი დამჭირდა იმისთვის, რომ რაღაც მესწავლა, გამეგო. იქიდან გამომდინარე, რომ ინფორმაციულ ვაკუუმში ვიყავით, ბევრს არ ჰქონდა ცოდნა. შესაბამისად, ადამიანთა ნაწილი, რომლებთანაც წლები ვცხოვრობდი, ეტაპობრივად მიდიოდა ჩემი გარემოცვიდან – ცდილობდნენ, თავი ჩემგან ცოტა შორს დაეჭირათ. თუმცა მე მათი მესმოდა, რადგან ვიცოდი, ეშინოდათ და არ მწყენია, არც გავბრაზებულვარ.

ოჯახი

ყველაზე მეტად ამის თქმა გამიჭირდა მშობლებისთვის. ალბათ,  იმიტომ გამიჭირდა, რომ ისინიც ნაკლებად ინფორმირებული იყვნენ. არ ვიცოდი, როგორ მეთქვა, როგორ ამეხსნა. თუმცა ვიპოვე გამოსავალი. როდესაც მამა ციხეში მოვიდა, აივ/შიდსზე საინფორმაციო ბუკლეტი მივეცი და ვთხოვე, წაეკითხა. მამამ წაიკითხა და ამის შემდეგ ვუთხარი, რომ მე თვითონაც არ ვიცოდი, როგორ მოხდა, როგორ დავინფიცირდი.

მშობლებთან პრობლემა არ მქონია, პირიქით, მე თვითონ ვიყავი უფრო ფრთხილად. მაგალითად, იყო შემთხვევა, როცა ჭურჭლის რეცხვის დროს ჭიქა გამიტყდა. სისხლიანი ხელი რომ ვნახე, შემეშინდა, სხვებისთვის არ გადამედო. მთელი დღე ვტიროდი, ეს როგორ მომივიდა-მეთქი. არც მაშინ ვიცოდი, რომ შემეძლო ჩვეულებრივად დამეცვა სხვები, თუნდაც იმ გაჭრილი ხელით.

ორსულობა და მკურნალობა

ციხიდან 2012 წლის 10 ნოემბერს გამოვედი. მკურნალობა 26 ნოემბერს დავიწყე. ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა სწრაფად გამოსწორდა. მალევე დავორსულდი მეორე ბავშვზე (ერთ შვილი დაპატიმრებამდე მყავდა).

ექიმი 98%-იან გარანტიას მაძლევდა, რომ ბავშვი იქნებოდა სრულიად ჯანმრთელი, მაგრამ მე ძალიან დაბალი იმუნიტეტი მქონდა (თუ ადამიანი არ მკურნალობს, აივ/შიდსი ანადგურებს ე.წ. CD4 ლიმფოციტებს, რაც იმუნიტეტის დასუსტებას ნიშნავს) და ორსულობის პერიოდში კიდევ რომ დავარდნილიყო, უკვე აღარ ვიცოდი, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობა როგორ წავიდოდა.

ექიმმა შემომთავაზა აბორტის გაკეთება. აბორტზე უარი ვთქვი, რადგან ჩემთვის მთავარი იყო ბავშვის ჯანმრთელობა და ჩემი სიცოცხლე უფალს მივანდე. ორსულობის მეოთხე-მეხუთე თვეზე ანალიზები რომ გავიკეთე, ვირუსი იყო განულებული და CD4, ანუ იმუნიტეტი, ავიდა 562-ზე (ჯანმრთელი ადამიანის მონაცემად მიიჩნევა 400-დან ზემოთ).

არ გამჭირვებია ვირუსის სამკურნალო წამლების სისტემატურად, დროულად მიღება და მკურნალობის პროგრამაში ჩართვა. არ მიგრძვნია ის გვერდითი ეფექტები, რომლებზეც საუბრობენ. პირველივე აბი მივიღე იმ განწყობით, რომ მე თუ ამას არ დავლევ, მოვკვდები. სწორედ ამიტომ, ადვილად გადავიტანე გვერდითი ეფექტებიც.

პირველ წუთებში, როდესაც ექიმმა დამარწმუნა, რომ ბავშვი დაიბადებოდა ჯანმრთელი, სრულად მივენდე მას. დარწმუნებული ვიყავი, რასაც ექიმი მეუბნებოდა, იქნებოდა სიმართლე, რაც მართალი აღმოჩნდა. ბავშვი საკეისრო კვეთით დაიბადა, აბსოლუტურად ჯანმრთელი.

სახელმწიფო 800 ლარით აფინანსებდა იმ ორსულებს, რომლებიც იკეთებდნენ საკეისროს. მე არ დამიფინანსეს. მიზეზი იყო ის, რომ მე სისხლში ვირუსი ნული მქონდა (მკურნალობის შემთხვევაში, აივ სისხლიდან “ქრება”) და ამიტომ, მათი თქმით, საკეისრო კვეთა იყო ჩემი კაპრიზი და არა – აუცილებლობა.

ვირუსი არ გადასდებია არც ჩემს პარტნიორს. თუ აივ-დადებითი პირი მკურნალობს და ვირუსი განულებულია, ექიმი მას გარკვეული პერიოდულობით აძლევს დაუცველი სქესობრივი კავშირის რეკომენდაციას. ასეთ დროს ვირუსის პარტნიორზე გადაცემის რისკი მინიმალურია.

როდესაც გადავწყვიტე, რომ შემდეგი ბავშვი ფიზიოლოგიური მშობიარობით გამეჩინა, ეს ჩემთვის სხვა მიზეზითაც იყო განსაკუთრებული. დედასა და შვილს შორის არის ორი უმნიშვნელოვანესი კავშირი – ფიზიოლოგიური მშობიარობა და ძუძუთი კვება. რადგან მე ვერ ვაჭმევდი ძუძუს, მინდოდა ეს კონტაქტი მაინც ყოფილიყო ჩემსა და ჩემს შვილს შორის და ფიზიოლოგიურად გამეჩინა ბავშვი. გავრისკე. გარდა ამისა, ქალებს, რომლებსაც ანალოგიური პრობლემა ჰქონდათ, კიდევ ერთხელ ვაჩვენე, რომ მე ვარ მაგალითი, მე ვარ აქ ისეთი, რომელმაც ეს გააკეთა. დავამტკიცე, რომ შეგიძლიათ თქვენც იყოთ ისეთივე დედები, როგორიც მე ვარ, თქვენც შეგიძლიათ გყავდეთ ჯანმრთელი ბავშვები.

შიდსის ცენტრის პაციენტების გაუსაძისი ყოფა და გაურკვეველი მომავალი

შიდსის ცენტრის პაციენტების გაუსაძლისი ყოფა და გაურკვეველი მომავალი

ზეპირი ისტორია ნახეთ აქ: http://netgazeti.ge/news/352700/

Posted by netgazeti.ge on Monday, April 1, 2019

ეს ერთგვარი სტიმული, ძალის მიცემა იყო სხვა ქალებისთვის, ერთგვარი მესიჯი იყო ჩემგან მომავალი დედებისთვის.

პრობლემები

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა არის დასაქმება. მაგალითად, მე ვერსად ვიწყებდი მუშაობას. სადაც მივედი გასაუბრებაზე, ყველგან ითხოვდნენ ჯანმრთელობის ცნობას – ფორმა 100-ს. როდესაც მეკითხებოდნენ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და ვეუბნებოდი, რომ ვარ აივ-ინფიცირებული, ითხოვდნენ, ცნობაში ჩაწერილი ყოფილიყო, რომ ვირუსი არის ნული და არ არის გადამდები. ამის შემდეგ მაინც უარს მეუბნებოდნენ სამსახურზე. როდესაც ვითხოვდი წერილობით პასუხს, თუ რის საფუძველზე მეუბნებოდნენ უარს, არ მპასუხობდნენ.

ახლა არასამთავრობო ორგანიზაცია “ჰეპა პლუსში” სოციალურ მუშაკად ვმუშაობ. ორგანიზაცია ინექციური ნარკოტიკის მომხმარებლებსა და მათ პარტნიორებს ემსახურება. ბევრი მეგობარი, ახლობელი და ნაცნობი მყავდა, რომლებსაც C ჰეპატიტი ჰქონდათ და რაღაც მიზეზების გამო ვერ მიდიოდნენ ინფექციურ საავადმყოფოში. ისინი მე მთხოვდნენ დახმარებას. “ჰეპა პლუსის” ხელმძღვანელ მანანა სოლოღაშვილს 2006 წლიდან ვიცნობ. ის ქალთა დაწესებულებაში ხშირად შემოდიოდა. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ვეუბნებოდი, ვიღაც მყავს მოსაყვანი, ვიღაცას დახმარება სჭირდება-მეთქი. რა თქმა უნდა, უარს არასდროს მეუბნებოდა, რადგან ეს ორგანიზაცია ზუსტად იმას საქმიანობდა, რასთან დაკავშირებითაც მე ხალხი მომყავდა. ერთ დღესაც შემომთავაზა სამსახურში აყვანა, რადგან სოციალურ მუშაკს სწორედ ის უნდა ეკეთებინა, რასაც მე ვაკეთებდი. მას მერე აქ ვმუშაობ.

რაც შეეხება პრობლემებს შიდსის ცენტრში, ძალიან ცუდი მდგომარეობაა ბოქსებში, სადაც პაციენტები წვანან. სანიტარული ნორმები არ არის დაცული. ყველა ექიმი ძალიან ყურადღებიანია, ყველა ძალიან კარგია, მაგრამ არ აქვთ იმის პირობა, რომ სათანადო ყურადღება მიაქციონ პაციენტს. მე რომ მომიწიოს დღეს ბოქსებში დაწოლა თუნდაც ერთი თვით, ალბათ, ვერც დავიბან, რადგან არ არის აბაზანა.

პრობლემაა ექიმებისთვის ინდივიდუალური კაბინეტების არარსებობა. ერთ პატარა ოთახში ორი ექიმი ზის, სადაც ერთდროულად იღებენ პაციენტებს. ორი ექიმი ორ პაციენტს ერთდროულად აძლევს კონსულტაციას. ჩემი ექიმი სულაც არ არის ვალდებული, ჩემ წინაშე თავი იგრძნოს დამნაშავედ იმის გამო, რომ მეორე ექიმს თავისი პაციენტი ჰყავს იქ და არც ის პაციენტია ვალდებული, მისმინოს, მე რა კონსულტაციას მიწევს ჩემი ექიმი. აქედან გამომდინარე მიმაჩნია, რომ კონფიდენციალობაც ირღვევა.

კონფიდენციალობა ირღვევა წამლის აღების დროსაც. როდესაც მივდივარ წამალზე, ვხედავ, სხვა პაციენტიც გამოდის იქიდან წამლით. მართალია, ჩადებული აქვს ჩანთაში ან სადმე, მაგრამ ხომ ვხვდები, რისთვის არის მისული. მე ვარ ასეთი, არ მაინტერესებს, ვინ რას იფიქრებს, ვინ როგორი თვალით შემომხედავს, მაგრამ სხვები ხომ არიან ისეთები, ვისაც უჭირთ იქ მისვლა, ხომ? ვისაც უჭირს წამლის აღება და იმ კაბინეტიდან გამოსვლა, საიდანაც წამლები გამოაქვთ. ბევრი ცდილობს, რომ დაიმალოს, ჩრდილში იყოს, ისიც იქიდან გამომდინარე, რომ საზოგადოებაა ასე განწყობილი. სტიგმა ძლიერია, არის დისკრიმინაციული მიდგომა საზოგადოების მხრიდან, რაც ცნობიერების ნაკლები დონითა და სტერეოტიპული მიდგომებით არის გამოწვეული.

პრობლემა ძალიან ბევრია. მაგალითად, მე არასდროს მისარგებლია შიდსის ცენტრის ფსიქოლოგით. როდესაც ციხიდან გამოვედი, აუცილებლად მჭირდებოდა ფსიქოლოგიური დახმარება, თუმცა არ მისარგებლია იმიტომ, რომ არც არავის შემოუთავაზებია. ამბობენ, რომ არის ფსიქოლოგი, მაგრამ მე არ ვიცი, ვინ არის ეს ფსიქოლოგი. თუ შემთხვევით ვიღაცას უდგინდება აივის დიაგნოზი, მას აუცილებლად უნდა ჰყავდეს თანასწორგანმანათლებელი. შიდსის ცენტრში ეს არ მუშაობს. სად ის, რომ მე მთელი არსებით, მთელი გულით, ჩემი ტკივილებით დავუდგები ადამიანს, ვისაც აივ-შიდსი ახლა დაუდგინდა, სად ჩემი ტკივილიდან გამომდინარე რომ დაველაპრაკები ადამიანს.

ექიმი მთავარია, მაგრამ აუცილებელია თანასწორგანმანათლებლი. ეს მე ვიქნები, სხვა იქნება, ქალი იქნება თუ კაცი, არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. მე რომ დამინახავს იქ, თავისნაირს და გაიგებს, რომ თურმე შვილებიც გავაჩინე, თურმე ამდენი წელია ვმკურნალობ, ჯანმრთელი ვარ და მეც სხვებივით ჩვეულებრივი ადამიანი ვარ, მეტი სტიმული მიეცემა მკურნალობის დაწყების პერიოდში, თუნდაც ფსიქოლოგიურად. შეიძლება, ფსიქოლოგი სულ არაფერში მჭირდებოდეს, მაგრამ დამჭირდეს ის, ჩემნაირი ავადმყოფი – მისი ტკივილი მე გამაძლიერებს, ჩემი – მას და ჩვენ საერთო ტკივილი გვაქვს.

მასალა მომზადებულია პროექტის  “უჩინარების ისტორიები” ფარგლებში.

მასალების გადაბეჭდვის წესი