ახალი ამბები

საქართველო მოწყვლადია ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციებისთვის -აშშ-ის ანგარიში

29 მარტი, 2019 • 1133
საქართველო მოწყვლადია ნარკოტიკებით მოვაჭრე ორგანიზაციებისთვის -აშშ-ის ანგარიში

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა კონგრესს ნარკოტიკების კონტროლის საერთაშორისო სტრატეგიის წლიური ანგარიში (INCSR) წარუდგინა.

ორტომიანი ანგარიშის პირველ ნაწილში მიმოხილულია 70 ქვეყანაში ნარკოტიკების კონტროლის საკითხები, მეორე ნაწილი კი ფულის გათეთრებასა და ფინანსურ დანაშაულებს ეხება. ანგარიშში საუბარია საქართველოს შესახებაც.

დოკუმენტში ნათქვამია, რომ საქართველო კავკასიაში კონტრაბანდის ტრადიციულ მარშრუტზე მდებარეობის გამო მოწყვლადია ტრანსნაციონალური კრიმინალური ორგანიზაციებისთვის, რომლებიც ოპიუმით, ჰეროინით და ჰეროინის დამზადებისთვის გამოყენებადი ქიმიკატებით – ძმარმჟავის ანჰიდრიდით უკანონოდ ვაჭრობენ. მაგალითად დასახელებულია, რომ 2018 წლის აპრილში ფოთის პორტში 15 მეტრული ტონა ძმარმჟავის ანჰიდრიდი გამოავლინეს, რომელიც, სავარაუდოდ, ჩინეთიდან ავღანეთში, ჰეროინის საწარმოებლად გადაჰქონდათ.

ანგარიშში საუბარია, რომ სინთეტიკური და “კლუბური” ნარკოტიკი ყველაზე პოპულარულია საქართველოში, განსაკუთრებით, ახალგაზრდა თაობებში. აღნიშნულია თბილისის ღამის კლუბებში ჩატარებული სპეცოპერაციების შესახებ, რამაც საპროტესტო აქციები გამოიწვია.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ამბობს, რომ საქართველოს მთავრობა ეფექტიანად თანამშრომლობს სხვადასხვა აქტორთან ნარკოტიკებით ვაჭრობასთან საბრძოლველად და შეერთებული შტატები გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას ამ ბრძოლაში.

“საქართველოში არალეგალური შემოსავლის დიდი ნაწილი საბანკო თაღლითობიდან, კიბერდანაშაულიდან და ფულადი სახსრების უკანონოდ მითვისებიდან მომდინარეობს”, – ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტი მიიჩნევს, რომ საქართველოს სამართარლდამცველმა სტრუქტურებმა ყურადღება უფრო მეტად უნდა გაამახვილონ ორგანიზებულ დანაშაულსა და ფულის გათეთრებას შორის კავშირის დადგენაზე.

“საქართველომ ასევე უნდა გადადგას ნაბიჯები სათამაშო ინდუსტრიაზე ზედამხედველობის კუთხით”, – ნათქვამია დოკუმენტში.

მასალების გადაბეჭდვის წესი