მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის მომზადების ბრალდებით სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება 2004 წლის 2 აპრილს დაიწყო. იქედან გამომდინარე, რომ ახლახან მედიაში გავრცელდა გადაუმოწმებელი ინფორმაცია ამ საქმის მასალების გაუჩინარებასთან დაკავშირებით, “ბათუმელებმა” ინფორმაციის გადამოწმების მიზნით შს სამინისტროს რამდენიმე კითხვით მიმართა, მათ შორის: ინახება თუ არა შს სამინისტროში საქმის მასალები, რომელიც 2004 წლის ქვეყნის პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადების ბრალდებას ეხება? მიმდინარეობს თუ არა რაიმე სახის საგამოძიებო მოქმედება ამ საქმესთან დაკავშირებით? როდის ჩატარდა აღნიშნულ საქმეზე ბოლო საგამოძიებო მოქმედება?
შს სამინისტროდან მიღებულ წერილში ნათქვამია: “თქვენი განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ შსს-ს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის მონაცემებით თქვენ მიერ მითითებულ დროს (2004 წლის 2 აპრილი) მიხეილ სააკაშვილზე თავდასხმის მომზადების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიების წარმოების შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება”. დოკუმენტს ხელს აწერს სამინისტროს ადმინისტრაციული დეპარტამენტის უფროსის მოადგილე გიორგი სახოკია.
შესაბამისად, სამინისტროდან მიღებულ დოკუმენტზე დაყრდნობით უკვე დანამდვილებით შეიძლება იმის თქმა, რომ 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის მიმართ დაგეგმილი ტერაქტის გამოძიების მასალები აღარ არსებობს, თუმცა მაშინ ტერაქტის მომზადების მცდელობის შესახებ ინფორმაციას გადასცემდნენ როგორც ქართული, ისე უცხოური მედიასაშუალებები, მაშინდელი უშიშროების სამინისტროს შესაბამის თანამდებობის პირებზე დაყრდნობით (მოგვიანებით ეს სამინისტრო შს სამინისტროს შეუერთდა).
გარდა სატელევიზიო გადაცემებისა, რეალურადაც არსებობს დოკუმენტები, რითაც დასტურდება, რომ 2004 წელს ტერაქტის მცდელობისთვის დააკავეს კიდეც ერთი პიროვნება.
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის უფროსი გიორგი ღვინიაშვილი (ამჟამად პარლამენტის წევრი) 2004 წლის 26 აპრილს საქართველოს გენერალური პროკურატურის გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის სამმართველოს უფროსის რამაზ ჟღენტს სწორედ ამის შესახებ წერს:
“საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში განხილული იქნა თქვენი 2004 წლის 23 აპრილის #15-1-3გ მომართვა ჩვენს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ედნარ მსხალაძის მიმართ, საქართველოს პრეზიდენტის სიცოცხლის ხელყოფის მომზადების ფაქტზე, მის სახელმწიფოებრივ მოღვაწეობასთან დაკავშირებით. დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-325-ე მუხლით. გაცნობებთ, რომ ბრალდებულ ედნარ მსხალაძესთან საგამოძიებო მოქმედების ჩატარება შესაძლებელი იქნება საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტში”.
გია ქარცივაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის იურისტი ამბობს, რომ აღნიშნულ ფაქტზე რომ სისხლის სამართლებრივი წარმოება დაიწყო, დადასტურებულია 2004 წლის 26 აპრილის წერილით.
“შსს-ს პასუხი თქვენს წერილზე, სადაც მითითებულია საქმის არარსებობის შესახებ, არ შეიძლება იყოს რეალობის ამსახველი, რადგან სხვა წერილობითი დოკუმენტები, მოპოვებული აღნიშნულ ფაქტზე სხვას ადასტურებენ. შესაძლებელია, საქმეზე დაწყებული გამოძიების კვალიფიკაცია შეიცვალა სხვა მუხლით, ე.ი დაწყებული იყო გამოძიება პრეზიდენტზე თავდასხმის მომზადების ფაქტზე და შეიძლება გამოძიების დროს სხვა რამ გამოიკვეთა.
ნებისმიერ შემთხვევაში გადაკვალიფიცირდა თუ არა საქმე, საქმის მასალები მაინც უნდა ინახებოდეს, რადგან 2004 წლიდან დღემდე არა არის გასული ის დრო, რომ მისი განადგურება მომხდარი- ყო. შესაძლებელია შსს-ში არ ინახება მასალები, მაგრამ პროკურატურის არქივში ან/და სასამართლოს არქივში აუცილებლად იქნება, იმ შემთხვევაშიც კი, თუნდაც საქმეს გრიფი ჰქონდეს დადებული, მისი არსებობის შესახებ ინფორმაცია საჯაროა” – განმარტავს გია ქარცივაძე.
“ბათუმელებმა” კითხვით მთავარ პროკურატურას წერილობით მიმართა თუმცა უწყებიდან მიღებულ დოკუმენტში ეწერა, რომ მოკლებულნი არიან შესაძლებლობას, უპასუხონ ჩვენს კითხვას.
2004 წელს, „აჭარის ვარდების რევოლუციის“ პერიოდში, საქართველოს უშიშროების სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ასლან აბაშიძისა და მისი მთავრობის წევრების დაკვეთით მოქალაქე ედნარ მსხალაძე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ტერაქტის მოწყობას გეგმავდა. უშიშროების სამინისტრომ კი დააკავა ედნარ მსხალაძე, რითაც აღკვეთა ტერაქტის მცდელობა. ასლან აბაშიძის საქართველოდან წასვლიდან მალევე ედნარ მსხალაძე პატიმრობიდან გაათავისუფლეს, რის შემდეგაც მან უარყო, რომ აპირებდა ყოფილი პრეზიდენტის ლიკვიდაციას.