ახალი ამბები

წვრილმანი ქურდობაა, დიდი არაფერი – ქობულია აგარაკის გაქურდვაზე

28 მარტი, 2019 • 1247
წვრილმანი ქურდობაა, დიდი არაფერი – ქობულია აგარაკის გაქურდვაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ გიორგი ქობულიას მიაჩნია, რომ მისი აგარაკის გაქურდვის ამბავი პირადი ცხოვრების ნაწილია. ქობულია ადასტურებს, რომ სახლი ნამდვილად გაუქურდეს, თუმცა დეტალებზე არ საუბრობს.

“როგორც გითხარით, ეს არის ჩემი პირადი ცხოვრების ნაწილი. არ ვთვლი, რომ რაღაც განსაკუთრებული მოხდა… ეს არის წვრილმანი ქურდობა, დიდი არაფერი… არ ვთვლი საჭიროდ, რომ ამასთან დაკავშირებით დისკუსიაში უნდა შევიდე და მოვყვე. შსს-მ გააკეთა ამასთან დაკავშირებით განცხადება და მე მგონი, ის ამომწურავია,”-აცხადებს ქობულია.

დღეს, 28 მარტს ცნობილი გახდა, რომ შსს-მ ქობულიას აგარაკის გაქურდვის ბრალდებით  1990 წელს დაბადებული, პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირი დააკავა.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულმა მიმდინარე წლის 16 მარტს დაბა წყნეთში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, გიორგი ქობულიას აგარაკზე უკანონოდ შეაღწია, საიდანაც სხვადასხვა ნივთი მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა ის მომხდარიდან მალევე თბილისში დააკავეს. შსს-ს ცნობით, პოლიციამ  ნაქურდალი ნივთების ნაწილი ნივთმტკიცებად ამოიღო.

გამოძიება ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

თავდაპირველად ინფორმაცია მომხდარის შესახებ რუსთავი 2-მა გაავრცელა. შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებდნენ, რომ ამ ინფორმაციას ვერ დაადასტურებდნენ, რადგან შეტყობინება არ იყო შესული. თავად გიორგი ქობულია კი ამბობდა, რომ ეს იყო “პირადი საკითხი”, რის გამოც ფაქტზე საერთოდ არ ისაუბრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი