ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

სუსი: ჟენევის ფორმატი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს

28 მარტი, 2019 • 1297
სუსი: ჟენევის ფორმატი სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური აქტიურად მონაწილეობს ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში. აღნიშნული ფორმატი მნიშვნელოვან პლატფორმას წარმოადგენს სახელმწიფოსთვის, რათა ადგილზე არსებული ვითარება ობიექტურად მიეწოდოს საერთაშორისო პარტნიორებს, თანათავმჯდომარეებს და შეხვედრის ყველა მონაწილეს”, – ნათქვამია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის 2018 წლის ანგარიშში. 

ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მნიშვნელობის თემა ბოლო დროს საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა წამოწია, როდესაც ერევანში სიტყვით გამოსვლისას, სომხეთისა და საქართველოს კონფლიქტებზე საუბრის დროს, შედეგისთვის არასაკმარისი უწოდა იმ საერთაშორისო ფორმატებს, რომლებიც სომხეთსა და საქართველოს დღეს გააჩნია კონფლიქტების გადასაჭრელად.

“ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ერთადერთი გზა ჩვენი პარტნიორების უფრო მაღალი დონის პოლიტიკური ჩარევაა. სამწუხაროდ, ახსენეთ თქვენ მინსკის ჯგუფი და ასევე, ჩვენთან მიმართებაში არსებობს ჟენევის ფორმატი,  რომლებიც მეტნაკლებად გადასულები არიან რაღაც ტექნიკურ საკითხებზე და არ არიან იმ პოლიტიკური დონის გადაწყვეტილებების მიმღები, რომლებმაც დღეს შეიძლება რამე გარდატეხა შემოიტანონ ამ სიტუაციაში. მგონია, რომ ერთობლივად უნდა ვიმუშაოთ, რომ საერთაშორისო ნორმებზე დაყრდნობით ამ კონფლიქტების გადაწყვეტის ახალ ეტაპს მივაღწიოთ”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.

სამხრეთ კავკასიაში სტაბილურობის და უსაფრთხოების შესახებ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიები 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ მიმდინარეობს. მასში მონაწილეობს ქართული, აფხაზური, ოსური და რუსული მხარეები, ასევე, წარმომადგენლები გაეროდან, ეუთოდან და ევროკავშირიდან.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი