ახალი ამბები

თბილისის მერია ცენტრალურ ქუჩებზე მიკროავტობუსების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს

28 მარტი, 2019 • 1025
თბილისის მერია ცენტრალურ ქუჩებზე მიკროავტობუსების მოძრაობის შეზღუდვას გეგმავს

თბილისის ვიცემერის, ირაკლი ხმალაძის თქმით, შესაძლოა, სამარშრუტო ტაქსებმა ცენტრალური ქუჩებიდან და გამზირებიდან შიდასაუბნო არეალებში გადაინაცვლონ.

ხმალაძე ამ ინიციატივას ასაბუთებს იმით, რომ მიკროავტობუსები გახდება ძირითად სატრანსპორტო საშუალებებთან – მეტროსა და ავტობუსებთან – დამაკავშირებელი საშუალება.

“აუცილებლად გადაიხედება კონტრაქტი. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ საზოგადოებრივი ტრანსპორტის ქსელის განახლებაზე, ეს გარდაუვალი პროცესია, რადგან საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება ქალაქისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანია. ეს პროცესი მნიშვნელოვან ფაზაშია და უახლოეს პერიოდში წარმოდგენილი იქნება ანგარიში მუნიციპალური ტრანსპორტის განახლებასთან დაკავშირებით. მოდიფიცირება ყვითელი მიკროავტობუსების ქსელსაც შეეხება და ინტეგრირდება საზოგადოებრივი ტრანსპორტის ძირითად ქსელთან. გადახედვა გაუქმებას არ ნიშნავს”, – თქვა ხმალაძემ ტელეკომპანია “იმედთან”.

ვიცემერის ცნობით, დედაქალაქის ცენტრალურ ქუჩებს მთლიანად მეტრო და მუნიციპალური ტრანსპორტი აითვისებს, რომელსაც სრულად აახლებს თბილისის მერია. მან კონკრეტული თარიღი არ დაასახელა, თუ როდის დაწესდება შეზღუდვა მიკროავტობუსებზე, თუმცა ეს მოხდება “უმოკლეს დროში”.

მასალების გადაბეჭდვის წესი