ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ომბუდსმენი: ოსური და აფხაზური პასპორტების მქონე პირებს უარი ეთქვათ სოციალურ დახმარებაზე

23 სექტემბერი, 2014 • • 1353
ომბუდსმენი: ოსური და აფხაზური პასპორტების მქონე პირებს უარი ეთქვათ სოციალურ დახმარებაზე

სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს ხელისუფლებას აკისრია ვალდებულება დაიცვას კონფლიქტური რეგიონების მკვიდრი მოსახლეობის უფლებები და უზრუნველყოს მათთვის სოციალურ პროგრამებზე ხელმისაწვდომობა, საქართველოს მოქა­ლა­ქეობის დამა­დას­ტურებელი დოკუმენტის არქონის მიუხედავად.


ამისათვის, როგორც ომბუდსმენი მიიჩნევს, საჭიროა მომზადდეს ცვლილებები საქართველოს მთავრობის 2013 წლის 1 მარტის №45 დადგენილებასა და 2014 წლის 14 აპრილის №291 დადგენილებაში, რაც აფხაზ და ოს მოქალაქეებს საშუალებას მისცემს მიიღონ სოციალური დახმარებები აფხაზური და ოსური პასპორტებით.


თვითაღიარებული რესპუბლიკების ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობისთვის ჯანდაცვის და სოციალური პროგრამებით სარგებლობის ხელმისაწვდომობის საკითხთან დაკავშირებით წინადადებით სახალხო დამცველმა ჯანდაცვის მინისტრს 2014 წლის 16 აგვისტოს მიმართა.

 

გარდა ამისა, სახალხო დამცველის აპარატმა შეისწავლა კონფლიქტით დაზარალებულ რეგიონებში მოსახლეობის ჯანდაცვის პროგრამით სარგებლობის საკითხი და, როგორც ომბუდსმენის განცხადებაში წერია, გამოავლინა მნიშვნელოვანი ხარვეზი.

 

კერძოდ, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირები (ძირითადად გალის რაიონის მოსახლეობა) ხშირ შემთხვევაში ვერ ახერხებენ საქართველოს ხელისუფლების მიერ შეთავაზებული უფასო ჯანდაცვის მომსახურებით სარგებლობას.

 

“მათ ჯანდაცვის სამინისტრო საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში ჩართვას სთავაზობს, რაც მკურნალობის თანადაფინანსებას გულისხმობს.  გალის რაიონის მოსახლეობის მძიმე სოციალური, ეკონომიკური და უსაფრთხოების პირობების გათვალისწინებით, აფხაზეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეებისა და საქართველოს დანარჩენ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეების თანაბარ პირობებში ჩაყენება და მათთვის საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შეთავაზება არამიზანშეწონილი და არაადეკვატურია მათი პირობებისა და ოკუპაციასთან დაკავშირებული პრობლემების გამო,”- წერია სახალხო დამცველის განცხადებაში.

 

საქართველოს სახალხო დამცველმა ჯანდაცვის სამინისტროს ასევე მიმართა წინადადებით, რომ მოამზადოს ცვლილებები „რეფერალური მომსახურების ფარგლებში შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნით კომისიის შექმნისა და მისი საქმიანობის წესის განსაზღვრის შესახებ“ მთავრობის დადგენილებაში, რათა ამ ტერიტორიაზე მცხოვრებ ყველა პირის მიმართ ერთგვაროვან პრაქტიკას სავალდებულო ხასიათი ჰქონდეს. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
   


მასალების გადაბეჭდვის წესი