ახალი ამბები

ადამიანები სასამართლო სისტემაში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ – პიტერ ვიბლერი

28 მარტი, 2019 • 1055
ადამიანები სასამართლო სისტემაში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ – პიტერ ვიბლერი

“[უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების] შერჩევის კრიტერიუმებში ისიც უნდა აისახოს, რომ ადამიანები სასამართლო სისტემაში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ, ასეთი მიდგომა ევროპულ პრაქტიკაში მიღებულია, ვგულისხმობ იმას, რომ იმისთვის, გახდე კარგი მოსამართლე, არ არის აუცილებელი, უკვე გქონდეს მოსამართლეობის გამოცდილება”, – ეს განცხადება “ბათუმელებთან” ინტერვიუში USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა გააკეთა.

ინტერვიუში ვიბლერმა სასამართლოს საკითხზე და მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესების პროცესში USAID-ის წვლილის შესახებ ისაუბრა.

“ჩვენი სტრატეგიაა სასამართლო სისტემის ორივე მხარესთან მუშაობა – საზოგადოებასთან, რომელსაც სასამართლო სჭირდება და სასამართლოსთან, რომლის დამკვეთიც საზოგადოებაა. მოსამართლეებს ვაცნობთ ევროპულ და ამერიკულ პრაქტიკას, იქაურ პროცედურებს; ვეხმარებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოს და იუსტიციის უმაღლეს სკოლასაც. ერთი სიტყვით, ჩვენი მხარდაჭერა აქვს სასამართლო ხელისუფლებას, რომელიც ახორციელებს მართლმსაჯულებას ამ ქვეყანაში და სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომელიც სასამართლო სისტემის რეფორმაზე სხვადასხვა ფორმით მუშაობს. ეს ორი მიმართულება ერთობლიობაში ქმნის პროგრამას, რომელიც ხელს უწყობს სასამართლო რეფორმას და, ამავე დროს, მოიცავს როგორც სამოქალაქო საზოგადოებას და სასამართლო სისტემის მიღმა არსებულ ჯგუფებს, რომლებიც რეფორმების ადვოკატირებას ეწევიან, ასევე იმ ჯგუფებს, რომლებიც თავად ახორციელებენ ამ რეფორმებს”, – განაცხადა ვიბლერმა.

მან ასევე შეაფასა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიურ ანგარიშში საქართველოს სასამართლო სისტემაზე გაკეთებული ჩანაწერები.

სახელმწიფო დეპარტამენტის ყოველწლიური ანგარიში ადამიანის უფლებების შესახებ იმ კვლევისა და ანალიზის საფუძველზე მზადდება, რომელიც ტარდება როგორც საქართველოში, ჩვენს საელჩოში, ისე ვაშინგტონში, სახელმწიფო დეპარტამენტში. სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ იმით, თუ როგორი საზოგადოებრივი დისკუსია გამოიწვია ამ ანგარიშმა. ვნახე მოსამართლეების, მთავრობის წევრების, სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების განსხვავებული რეაქციები. ეს კარგია, აშკარაა, რომ მიმდინარეობს დემოკრატიული დისკუსია და ეს პოზიტიური რამაა, მიუხედავად იმისა, თუ რას ფიქრობენ კონკრეტული ადამიანები ანგარიშში მოყვანილ ფაქტებსა და ანალიზზე.

“რაც შეეხება ჩვენი პროგრამების შედეგებს – ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, ბატონი უილსონი, საელჩოს სხვა თანამშრომლები, პირადად მეც, საჯაროდ აღვნიშნავთ, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის რეფორმაში უდავო პროგრესია, თუმცა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი. ზოგადად, სასამართლო რეფორმა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებასთან ერთად მის ეკონომიკაზეც აისახება, რადგან დამოუკიდებელი სასამართლო ინვესტორისთვის კაპიტალის უსაფრთხოდ დაბანდებას ნიშნავს. საქართველო ინვესტირებისა და ბიზნესის განვითარების მიმზიდველი და უსაფრთხო ადგილი უნდა იყოს ინვესტორისთვის, სულერთია, ქართველი იქნება ის თუ უცხოელი. ამგვარი შედეგის მისაღწევად, როგორც უკვე აღვნიშნე, ჯერ კიდევ ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი. ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენს პარტნიორებთან მთავრობასა და პარლამენტში, რომ რაც შეიძლება სწრაფად წავიდეს წინ სასამართლო რეფორმის მეოთხე ტალღა. თუმცა მნიშვნელოვანია, რომ საქმე არა მხოლოდ სწრაფად, არამედ სწორადაც გაკეთდეს. ჩვენ მრავალმხრივი მხარდაჭერა აღმოვუჩინეთ პარლამენტს და ჩვენს პარტნიორებს ამ მიმართულებით და ამ მხარდაჭერას მომავალშიც გავაგრძელებთ”, – ამბობს ელჩი.

ელჩი ასევე გამოეხმაურა საზოგადოებაში სასამართლოს საკითხებზე მიმდინარე დისკუსიებს, რომელიც ეხება უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა დანიშვნის კრიტერიუმებს.

“ჩვენ რეფორმების ხელშეწყობა, ცხადია, ახლა არ დაგვიწყია, ბოლო ათი წელია, ვეხმარებით საქართველოს, თვითონ შეძლოს მართლმსაჯულების ეფექტიანად განხორციელება და მიაღწიოს შედეგს. აქტიურად ვთანამშრომლობთ პარტნიორებთან საქართველოს პარლამენტში, მთავრობაში, ვმუშაობთ საერთაშორისო პარტნიორებთანაც, მათ შორის ევროპის საბჭოსთან და ევროკავშირთან.

ელჩი უილსონი ხშირად ესაუბრება სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეს, რათა  საქმე სწრაფად წავიდეს წინ. ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ ისეთ საკითხებზე, რომლებიც პრიორიტეტულად მიგვაჩნია და რომლებიც ასე შეიძლება შევაჯამოთ:  წარდგენისა და შერჩევის პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, შეძლებისდაგვარად ღია და საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი; კანდიდატები და უზენაეს სასამართლოში წარდგენილი პირები უნდა შეირჩნენ კარგად განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, ეს კრიტერიუმები კი უზენაესი სასამართლოს მოსამართლისთვის საჭირო კვალიფიკაციას უნდა მოითხოვდეს. შერჩევის კრიტერიუმებში ისიც უნდა აისახოს, რომ ადამიანები სასამართლო სისტემაში სხვადასხვა გზით შეიძლება მოხვდნენ, ასეთი მიდგომა ევროპულ პრაქტიკაში მიღებულია, ვგულისხმობ იმას, რომ იმისთვის,  გახდე კარგი მოსამართლე, არ არის აუცილებელი, უკვე გქონდეს მოსამართლეობის გამოცდილება”, – აცხადებე ვიბლერი.

ინტერვიუ სრულად წაიკითხეთ ბმულზე

http://batumelebi.netgazeti.ge/news/190900/?fbclid=IwAR0bYeX77BemodG9KF3wb0k2OaWjHnadGtvbIgHolh0F2GbYkQ1XlWsV1cg

მასალების გადაბეჭდვის წესი