ახალი ამბები

“სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სურთ” — ქვემო ქართლის TV4-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

27 მარტი, 2019 • 1426
“სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა სურთ” — ქვემო ქართლის TV4-მა მაუწყებლობა შეწყვიტა

ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია TV4 აცხადებს, რომ ემიჯნება “გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში”. არხმა პროტესტის ნიშნად ტელე და რადიომაუწყებლობა რამდენიმე დღით შეწყვიტა.

“გარკვეული ძალები ცდილობენ, ტელე-რადიოკომპანიამ არსებობა შეწყვიტოს და ამით ინფორმაციის გარეშე დარჩეს ჩვენი ქალაქისა და რეგიონის მოსახლეობა. დღეს TV4 -ის მუშაობის მთავარ პრინციპს საფრთხე დაემუქრა. ჩვენ ვემიჯნებით გარკვეული ძალების სურვილს, ჩაერიონ არხის სარედაქციო და საკადრო პოლიტიკაში”, — წერია არხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

არხის განცხადების თანახმად, მსგავსი რამ რამდენჯერმე მოხდა, თუმცა მაუწყებლობა არ შეჩერებულა, ამჯერად კი მათ პროტესტის ნიშნად დროებით შეწყვიტეს მაუწყებლობა: “ჩვენ ასეთი ფორმით გამოვხატავთ პროტესტს იმ ადამიანების მიმართ, ვინც ცდილობს, ქალაქი და რეგიონი ტელევიზიისა და რადიოს გარეშე დატოვოს”.

TV4-ის გენერალური დირექტორი გიორგი მგალობლიშვილი რუსთავი 2-თან საუბარში აცხადებს, რომ “არიან პიროვნებები და ჯგუფები, ვისაც არ უნდა, რომ რეგიონში არსებობდეს დამოუკიდებელი მედიასაშუალება”. ამასთან, მისივე თქმით, “არიან ადამიანები, ვისაც უნდათ, რომ თავიანთი საინფორმაციოს უფროსი ჰყავდეთ და თვითონ მართონ [არხი], რასაც, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვემიჯნებით”.

“რაღაცები მოდის მთავრობისგან, რა თქმა უნდა, მოდის. ყველას ინტერესი აქვს და უნდათ, რომ ყველაფერი … ცალმხრივად გაშუქდეს. არის ასეთი ინტერესი, ყოველთვის იყო. მაგრამ ვცდილობ, როგორც მედიას შეეფერება, ობიექტურად, დაბალანსებულად, გაშუქდეს ყველაფერი”, — ამბობს მგალობლიშვილი.

მგალობლიშვილმა თქვა, რომ კონკრეტული გვარების დასახელებისგან თავს შეიკავებს, თუმცა არხის გავრცელებულ განცხადებაში ნახსენებია რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა. “განსაკუთრებულად მადლობას ვუხდით ჩვენი ქალაქის მერს, ბატონ ირაკლი ტაბაღუას, რომ მაუწყებლობის შეჩერების ფაქტი სწორედ მისი მერობის პერიოდში დაფიქსირდა”, – წერია განცხადებაში.

ნეტგაზეთი ესაუბრა გიორგი მგალობლიშვილს, რომელმაც გვითხრა: “ირაკლი ტაბაღუას სახელი მხოლოდ იმ კონტექსტშია, რომ ამ დროს [როდესაც არხი მაუწყებლობას წყვეტს] ის არის მერი. ძალიან ბევრი მერი ჰყოლია ქალაქს და არავის დროს არ მომხდარა ასეთი ფაქტი”. ხოლო იმას, თუ ზუსტად რის გასაპროტესტებლად გადაწყვიტეს მაუწყებლობის შეწყვეტა, არხის ეთერში დაბრუნებისთანავე იტვყიან, სავარაუდოდ, მომავალ კვირას.

თავად მერმა, ირაკლი ტაბაღუამ რუსთავი2-თან საუბარში ახსენა ტენდერი, რომლის შედეგებიც ამჟამად, როგორც მგალობლიშვილმა ნეტგაზეთს უთხრა, გასაჩივრებულია. საუბარია მერიის მრავალათასიან ტენდერზე სარეკლამო და რადიომომსახურების შესახებ, რომელშიც, მგალობლიშვილის თქმით, ტვ4-მა გაიმარჯვა და “პალიტრა ტვ”-ს მოუგო;

160 000-ლარიან ტენდერს, განცხადების ნომრით NAT190002450, ორი პრეტენდენტი ჰყავდა — ტვ4 (ანუ სს ქვემო ქართლის ტელე-რადიოკომპანია) და პალიტრა ტვ. პალიტრა TV მომსახურებაში ტვ4-ზე 18 ათასი ლარით ნაკლებს ითხოვდა (142 000 ლარს), თუმცა პალიტრას დისკვალიფიკაცია აქვთ მიღებული ტექნიკური დოკუმენტაციის გამო. როგორც მგალობლიშვილი გვეუნება, მართალია, შედეგი სატენდერო კომისიაშია გასაჩივრებული, ისინი დარწმუნებულები არიან, რომ მათ გამარჯვებას საფრთხე არ ემუქრება, შესაბამისად, მისი თქმით, აღნიშნული ტენდერი არხის გადაწყვეტილებასთან “საერთოდ არაფერ შუაშია”.

ამჟამად ტენდერების საიტზე აღნიშნული ტენდერის სტატუსად მითითებულია შერჩევა/შეფასების ეტაპი.

მგალობლიშვილის თქმით, არ არის მართალი, რომ არხმა ფინანსური პრობლემების გამო გადადგა ეს ნაბიჯი: “ეს არის პროტესტის მაქსიმალური ზომა, რაც შეიძლება გამოხატოს ტელევიზიამ”, — ამბობს იგი.


TV4 უკვე 21 წელია მაუწყებლობს. არხის განცხადებით, არხზე დასაქმებულებს “ყოველთვის სჯეროდათ, რომ მათ მიერ გაშუქებულ მასალას შედეგი მოჰქონდა. ამ არხის ეთერში გასულ პრობლემატურ მასალებს დროული გამოხმაურება მოყვებოდა ქალაქის ყველა ხელმძღვანელი პირის მხრიდან. ჩვენ ვასრულებდით მედიატიორის როლს მოსახლეობასა და თვითმმართველობას შორის. უმთავრესი მიზეზი ამ ტელევიზიის მუშაობისა და არსებობის მხოლოდ ეს იყო”, — წერია არხის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი