ახალი ამბები

ტრამპი რუსეთს ვენესუელიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებს

27 მარტი, 2019 • 1855
ტრამპი რუსეთს ვენესუელიდან სამხედროების გაყვანისკენ მოუწოდებს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ხელისუფლებას მოუწოდებს, გაიყვანოს ჯარისკაცები ვენესუელიდან.

“რუსეთი უნდა გაეთრიოს”, — განუცხადა ტრამპმა რეპორტიორებს 27 მარტს, მას შემდეგ, რაც ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს ცოლს, ფაბიანა როზალესს შეხვდა.

23 მარტს ვენესუელის დედაქალაქ კარაკასთან ორი რუსული სამხედრო ხომალდი დაეშვა, რომელთაც რუსეთის 100 ჯარისკაცი ჩამოჰყვა. აშშ-ის ხელისუფლების თანახმად, ჯარისკაცებს შორის არიან სპეციალური ძალების წარმომადგენლები და კიბერუსაფრთხოების სპეციალისტები.

კითხვაზე, როგორ აიძულებს იგი რუსეთის ძალებს, ვენესუელა დატოვონ, ტრამპმა უპასუხა: “ვნახოთ. ყველანაირი ვარიანტი ღიაა”.

ტრამპმა და ვიცეპრეზიდენტმა მაიკ პენსმა როზალესთან შეხვედრისას სრული მხარდაჭერა აღუთქვეს ხუან გუაიდოს, რომელმაც რამდენიმე კვირის წინ თავი დროებით პრეზიდენტად გამოაცხადა. მისი პოზიციით, — რომელსაც აშშ და სხვა მრავალი ქვეყანა იზიარებს (რუსეთის, თურქეთის, ჩინეთისა და კიდევ რამდენიმე ქვეყნის გარდა) — არჩევნები, რომლითაც ნიკოლას მადურომ პრეზიდენტობა შეინარჩუნა, არალეგიტიმური იყო.

“შეერთებული შტატები რუსეთის სამხედრო თვითმფრინავების ვენესუელაში ჩაფრენას არასასურველ პროვოკაციად მიიჩნევს”, — განაცხადა მაიკ პენსმა. “მოვუწოდებთ რუსეთს, შეწყვიტონ მადუროს რეჟიმის ყველანაირი მხარდაჭერა და დაუდგნენ მხარში ხუან გუაიდოს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი