სადავო მშენებლობა ატენის ქუჩაზე.

თბილისის მერია ექსპლუატაციაში შეუსვლელ ზოგ შენობაზე ამნისტიას აცხადებს

თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, 800-მდე შენობაზე, რომელიც ექსპლუატაციაში სამართლებრივად არ არის შესული, ამნისტიას გამოაცხადებს. ამის შესახებ დღეს ვიცემერმა ირაკლი ხმალაძემ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

“თბილისში აშენებული და ექსპლუატაციის ქვეშ მყოფი შენობა-ნაგებობები, რომლებიც სამართლებრივად არ არის ექსპლუატაციაში მიღებული, არის 800-მდე. მიზეზი კი გარკვეული სამართლებრივი პრობლემებია. რა თქმა უნდა, ეს არის სამშენებლო დარღვევები და გადაცდომები, ძირითადად, პროექტიდან გადახრები, რის გამოც ეს ობიექტები ექსპლუტაციაში მიღებული არ არის.

შესაბამისად, თბილისის მუნიციპალიტეტს აქვს ინიციატივა, მოხდეს ერთიანი ამნისტირება და ამ ობიექტებს მივცეთ შესაძლებლობა, მივიღოთ ექსპლუტაციაში, ოღონდ კონკრეტული, დროში ჩაკეტილი კატეგორია და წინასწარ განსაზღვრული კრიტერიუმებითა და პუნტქტებით – უშუალოდ იმ დარღვევებით, რომლებიც მითითებული იქნება სამართლებრივ აქტებში. ეს არ იქნება ამნისტია კანონის, ეს არ იქნება ამნისტია კანონის გამოცემისთანავე. ეს იქნება კანონის გამოცემის შემდეგ მიცემული შესაძლებლობა, რომ ეს ობიექტები მივიღოთ ექსპლუატაციაში მიუხედავად იმ ცალკეული სამართლებრივი დარღვევებისა, რომლებიც ამ ობიექტებს ახასიათებს და ახლავს სამშენებლო პროცესიდან გამომდინარე,” – განმარტავს ირაკლი ხმალაძე.

რაც შეეხება იმ დარღვევებს, რომლებიც მერიამ მშენებლობებს შეიძლება “აპატიოს”, ესენია პარამეტრების გადამეტება, მიჯნის ზონისა და მინიმალური პარკირების რაოდენობის დარღვევა. ხმალაძე ამბობს, რომ ამნისტია შეეხება მხოლოდ იმ დასრულებულ მშენებლობებს, რომლებსაც მშენებლობის დასრულების ვადა 2019 წლის პირველ იანვრამდე გასული აქვთ.

“ჩვენ არ ვლაპარაკობთ მიმდინარე მშენებლობებზე და, რა თქმა უნდა, ჩვენ არ გვინდა, სტიმულირება მოვახდინოთ იმისა, რომ ახლა დაიწყონ კომპანიებმა გარკვეული გადაცდომები და დარღვევები. ასეთი ტიპის შენობა-ნაგებობებზე მერია იღებს კომპრომისულ გადაწყვეტილებებს, ამ ინიციატივით შევალთ ჩვენ პარლამენტში და იმ შემთხვევაში, თუ პარლამენტის მხარდაჭერა იქნება, ეს სამართლებრივი პრობლემა მოუგვარდება ათასობით ოჯახს,” – განმარტავს ხმალაძე.

მისივე თქმით, ამნისტიის პარალელურად გამკაცრდება სანქციები სამშენებლო დარღვევებზე და  ეს იქნება რადიკალური გამკაცრება, ამაზე მოგვიანებით ვისაუბრებთ.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
ნინო ბიძინაშვილი არის რეპორტიორი 2017 წლის 25 სექტემბრიდან