სასჯელაღსრულების სამინისტროს ინფორმაციით, გაქცეული პატიმარი გეგუთის N 14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში იხდის სასჯელს. იგი მკურნალობის მიზნით იყო გადაყვანილი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში. 21 სექტემბერს, გამთენიისას კი, საავადმყოფოს ტერიტორიიდან გაქცევა მოახერხა.
“წინასწარი ინფორმაციით, მსჯავრდებული საავადმყოფოს მეორე სართულის ფანჯრიდან გადახტა და მიიმალა. ამ დროისათვის გაქცეული პატიმრის დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები. მომხდარს ფაქტს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურა იძიებს. პატიმრის დასაკავებელ ღონისძიებებში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტრო. მსჯავრდებულის მიმართ, საქმეზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 379-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხოლო სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს ქუთაისის განყოფილების თანამშრომელთა მიმართ -243 პრიმა მუხლის პირველი ნაწილით”,- ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სამინისტროს ინფორმაციით, გაქცეული პატიმარი სასჯელს 2009 წლიდან იხდის.





