სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის მიერ გავრცლებული ინფორმაციის თანახმად, ერევანცოც სურბ მინას ეკლესია სომეხთა ეპარქიას საბჭოთა პერიოდში ჩამოერთვა. 2007 წლის 1 ოქტომბერს ტაძარს, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის №3/181 ბრძანების თანახმად, მიენიჭა კულტურის ძეგლის სტატუსი.
“2011 წელს გელათის ქუჩის პარალელურად მდებარე იორის ქუჩა №30–ის მაცხოვრებელთა და სურბ მინას ტაძრის ეზოში მცხოვრები პირების მიერ იორის ქუჩა №30 მისამართზე დარეგისტრირდა ამხანაგობა „იორი 30“, რომელმაც გაუგებარი გზით შეუცვალა ტაძარს მისამართი და მოახდინა ტაძრისა და ეზოს პრივატიზება. საქართველოში სომეხთა ეპარქიამ 2013 წელს მიმართა საქართველოს პროკურატურას განცხადებით, რათა გამოეძიებინა ეს საქმე, თუმცა საკითხი დღემდე გადაუწყვეტელი რჩება. სომეხთა ეპარქია მწუხარებას გამოთქვამს იმის გამო, რომ ისტორიულად ეპარქიის კუთვნილი და მისგან საბჭოთა პერიოდში ჩამორთმეული ტაძრები არ უბრუნდება ეპარქიას. ათწლეულების განმავლობაში ტაძრების მოუვლელობა მათ განადგურებას იწვევს. 2009 წელს ჩამოინგრა მუღნეცოც სურბ გევორგ ეკლესია, 2012 წელს ჩამოინგრა სურბ მინას ეკლესიის სვეტი და შესასვლელი, ხოლო 2014 წლის 19 სექტემბერს კი ჩამოინგრა სურბ მინას ტაძრის სახურავი”,- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის განცხადებით, ეკლესიის და ეზოს პრივატიზება არ უნდა მომხდარიყო:
“ჩვენი სპეციალისტები ადგილზე იყვნენ მისულები, დღესაც მივიდნენ, მოხდა ბიუჯეტის შედგენაც ქალაქ თბილისის მერიასთან ერთად, ორშაბათს გავდივართ კიდევ ადგილზე, გავეცნობით, თუ რა კონკრეტული ღონისძიებებია იმისთვის, რომ საფრთხე აღარ იყოს შემდგომში. პრივატიზაცია, რა თქმა უნდა , არ უნდა მომხდარიყო, ამაში ვეთანხმები ორგანიზაციას”,- განაცხადა ნიკოლოზ ანთიძემ “რუსთავი 2”-თან საუბრისას.