“გვაწუხებს ის, რომ ამდენი ყურადღება და ენერგია იხარჯება წარსულზე. ჩვენი შესაფასებელი არ არის სპეციფიკური საქმეები, მაგრამ მიგვაჩნია, რომ როდესაც ყოფილ პრეზიდენტზე, დღეს კი მნიშვნელოვან ოპოზიციურ ფიგურაზე ვსაუბრობთ, ვშიშობთ, რომ ეს საქმე, საბოლოო ჯამში, დააზიანებს საქართველოს ძალისხმევას, იაროს წინ და შექმნას ნამდვილი დემოკრატია. ასეთია საერთო სურათი. ჩემთვის, როგორც ამერიკელისათვის, ვფიქრობ, მიზანშეწონილი არ არის ამაზე შორს წასვლა”,-ამბობს რუბინი “ამერიკის ხმისთვის” მიცემულ ექსკლუზიური ინტერვიუში.
მისივე თქმით, განცხადებები, რომელსაც ამერიკის შეერთებული შტატები აკეთებს პოლიტიურ დევნასთან დაკავშირებით, მხოლოდ მეგობრულ რჩევებს გულისხმობს.
“ის არ იყო ლექცია, ინსტრუქცია, ან ჩარევა გადაწყვეტილებებში, რომელიც საქართველოსა და ქართველი ხალხის მისაღებია. ჩვენი მეგობრული რჩევა კი ის არის, რომ საქართველო ძალიან მნიშვნელოვანი ისტორიული მომენტის წინაშე დგას. ეს მნიშვნელოვანი მომენტია რეგიონისთვისაც. სრულფასოვნად ამოქმედებას იწყებს ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება. დასახულია ბევრი ამბიციური ამოცანა ევროკავშირთან ასოცირებისა და ნატოსთან პარტნიორობის გამტკიცების, აგრეთვე ნატოში გაწევრიანების მიმართულებით. ნატოში გაწევრიანება ძალიან მნიშვნელოვანია და მას, როგორც ყოველთვის, მტკიცედ ვუჭერთ მხარს. დღის წესრიგშია საქართველოს ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილის ოკუპაციის საკითხი და, რაც ყველაზე მთავარია, გადასადგმელია მორიგი ნაბიჯები, რომელიც საქართველოს აქტიურ, თავისუფალ და ღია საზოგადოებამდე მიიყვანს. ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა. ქართველებმა მიღწეულით უნდა იამაყონ”, -ამბობს რუბინი.
ამერიკის სახელმწიფო მდივნის მეორე მოადგილის თქმით, ნამდვილ დემოკრატიაში აუცილებელია ოპოზიცია და ნამდვილი დებატები პარლამენტში.
“გამოვხატეთ შეშფოთება, რომ თუ ოპოზიციის ლიდერთა უმრავლესობის მიმართ დაიწყება გამოძიება და სამართლებრივი დევნა, აღარ იარსებებს ძლიერი ოპოზიცია და ეს დააზარალებს დემოკრატიას. როგორც აღვნიშნე, ესაა რჩევა – არა გაფრთხილება და არც არაფერი იმაზე მეტი, რაც ვთქვი. იმედი გვაქვს, ქართველები გაიხედავენ წინ და არა უკან და რამდენადაც შესაძლებელია, გაერთიანდებიან, რათა ერთად მიაღწონ დასახულ მიზანს”.
