“ჩემი გადასვლა იყო პოლიტიკური. ეს გადასვლა არ იყო მხოლოდ ის, რომ როდესაც მე შევედი კანცელარიაში, სამუშაო პირობები არ მქონდა. ამასთან ერთად ეს იყო პოლიტიკური ნაბიჯი იმიტომ, რომ მე დავინახე იმ მომენტში უკვე ტენდენცია, რომ პრეზიდენტი უნდა იყოს ადგილმიჩენილი, პრეზიდენტს ჰქონდეს არა ხალხის მიერ მინიჭებული და კონსტიტუციით მინიჭებული სტატუსი, არამედ გარკვეულწილად ადგილმითითებული”, -ამბობს მარგველაშვილი.
ინგა გრიგოლიას კითხვაზე, “ვისგან მითითებული. კანცელარიაში ირაკლი ღარიბაშვილი ზის?” პრეზიდენტმა უპასუხა:
“არა, მე ვსაუბრობ პოლიტიკურად. ამ ნაბიჯის გადადგმა იყო იმის თქმა, რომ საქართველოს პრეზიდენტი არის დამოუკიდებელი ფიგურა, რომელსაც აქვს მანდატი ხალხისგან და ვალდებულება ხალხთან. ძალიან დიდი მადლიერება გუნდის მხრიდან, ძალიან დიდი მადლიერების გრძნობა პირადად ბიძინა ივანიშვილის მიმართ, მაგრამ ვალდებულება ხალხთან. ამის შემდეგ დაიწყო ეს სირთულეები”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
პრეზიდენტის თქმით, სირთულეები შესაძლოა გაგრძელდეს, მაგრამ ეს კონსტიტუციური გარემოსთვის იქნება ზიანის მომტანი. მან აღნიშნა, რომ რეზიდენცია სურდათ მინისტრთა კაბინეტისთვის გადაეცათ. მისი სურვილი იყო, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობაში უნივერსიტეტი გახსნილიყო, მაგრამ რადგან არ დათანხმდნენ, ამის გამო შევიდა რეზიდენციაში.





