ადვოკატის ინფორმაციით, დაყადაღებულია სააკაშვილის საკუთრებაში არსებული 2 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთი ყვარელში, 75 კვ. მეტრის ფართობის საცხოვრებელი სახლი ყვარელში და ავტომანქანა “ჰონდა აკორდი”.
ასევე დაყადაღებულია მიხეილ სააკაშვილის ბებიის საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ნატანებში და ბებიის საკუთრებაში არსებული “ტოიოტას” მარკის ავტომობილი.
სასამართლოს განჩინებით დაყადაღდა სანდრა რულოვსის საკუთრებაში არსებული ბინა და მანსარდა თბილისში და გიული ალასანიას საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთი ყვარელში.
ადვოკატი ოთო კახიძე ამბობს, რომ სასამართლოს განჩინება არ შეიცავს დასაბუთებას:
“იმისთვის, რომ ქონება დაყადაღდეს, უნდა იყოს პირდაპირი კავშირი დადგენილი ჩადენილ დანაშაულსა და დასაყადაღებელ ქონებას შორის. ან ამ ქონების მიმართ უნდა იყოს დანაშაული ჩადენილი, ან ეს ქონება უნდა იყოს დანაშაულებრივი გზით მოპოვებული, ან რაიმე ტიპის შემხებლობა უნდა დადგინდეს ქონებასა და დანაშაულს შორის. სხვაგვარად ყადაღა აზრს კარგავს. ისინი ქონებას გადამალავენ, გადახარჯავენო და ამიტომ უნდა დაედოს ყადაღაო. მაგრამ რა კავშირში იყო დანაშაულთან, ან რა ინფორმაცია ჰქონდა, რომ ვიღაცა ამის გადამალვას აპირებდა, არც ერთი მტკიცებულებაა. სამართლებრივად სრული განუკითხაობის დამკვიდრება მიმდინარეობს.”
ოთო კახიძის თქმით, პროკურატურაში გუშინ განუცხადეს, რომ სასამართლოს განჩინების აღსრულება უნდა დაწყებულიყო.
საქართველოს მთავარ პროკურატურაში აცხადებენ, რომ შესაძლოა ამ საკითხთან დაკავშირებით განცხადება მოგვიანებით გაავრცელონ: “ვარკვევ და მოგვიანებით თუ გავაკეთეთ კომენტარი, დაგირეკავ,” – უთხრეს ნეტგაზეთს პროკურატურის პრესსამსახურში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ქონების დაყადაღების მოთხოვნით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, ხოლო განჩინება სასამართლომ დაყადაღების თაობაზე 28 აგვისტოს მიიღო.
დაცვის მხარემ საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა, რომელმაც პირველი ინსტანციის განჩინება 8 სექტემბრის გადაწყვეტილებით უცვლელად დატოვა.