ახალი ამბები

“სიმინდის კუნძულის” დამდგმელი მხატვარი ახალი რეგულაციების გამო საქართველოში არ შემოუშვეს

19 სექტემბერი, 2014 •
“სიმინდის კუნძულის” დამდგმელი მხატვარი ახალი რეგულაციების გამო საქართველოში არ შემოუშვეს

“ძალიან აღელვებული ვიყავი. საბოლოოდ, კვალიფიციური განმარტება მივიღე საგარეო საქმეთა სამინისტროსგან, რომ ჩვენს სტუმარს არ ჰქონდა შესაბამისი დოკუმენტი. ფაქტის წინაშე დავდექით და ვერაფერი გავაკეთეთ,”- ამბობს ნეტგაზეთთან საუბარში რეჟისორი გიორგი ოვაშვილი.  


“სიმინდის კუნძულის” დამდგმელი მხატვარი, მონღოლეთის მოქალაქე არიუნსაიხან დავაახუ ბერლინში ცხოვრობს და გერმანიის ბინადრობის მოწმობა აქვს. მანამდე ის არაერთგზის იმყოფებოდა უვიზოდ თბილისში, თუმცა ამჯერად ბერლინიდან თბილისის აეროპორტში ჩამოფრინდა, მაგრამ ქვეყანაში აღარ შემოუშვეს.


“უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ” საქართველოს კანონის ახალი რეგულაციების შესაბამისად, რომელიც ძალაში მიმდინარე წლის 1 სექტემბერს შევიდა, საქართველოში ვიზის გარეშე გარკვეული ქვეყნების მოქალაქეები ვერ ჩამოვლენ. იმ ქვეყნების ჩამონათვალში, რომელთა მოქალაქეებსაც შეუძლიათ საქართველოში უვიზოდ შემოსვლა მოკლევადიანი მიზნებისთვის, მონღოლეთი ვერ მოხვდა.


“ჩვენ არ გვქონდა საკმარისი ინფორმაცია. მას უნდა მიემართა გერმანიაში ჩვენი საელჩოსთვის, ან თან უნდა ჰქონოდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი სამგზავრო დოკუმენტი,”- ამბობს ოვაშვილი.


კითხვაზე, რატომ არ განუმარტეს არიუნსაიხან დავაახუს საქართველოს ახალი რეგულაციების შესახებ ბერლინის აეროპორტშივე, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ ყველა ქვეყნის საკონსულოს წარმომადგენელი სამინისტროში კანონის ძალაში შესვლამდე ერთი თვით ადრე სპეციალურად მიიწვიეს ახალი რეგულაციების გასაცნობად – და სწორედ მათ უნდა ეცნობებინათ მათი უწყებებისთვის ამ სიახლის შესახებ.


სიმინდის კუნძული; ფოტო: ფილმის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან
სიმინდის კუნძული; ფოტო: ფილმის ფეისბუქის ოფიციალური გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი