ახალი ამბები

“სიბრალულით” შედუღებული კარი, რომელიც სსმ ბავშვებს გადაადგილებას უადვილებდა

18 სექტემბერი, 2014 • • 2810
“სიბრალულით” შედუღებული კარი, რომელიც სსმ ბავშვებს გადაადგილებას უადვილებდა

ამ დამოკიდებულებას ეზოს მცხოვრებლები არ მალავენ. აღმაშენებლის 181 ნომრის მცხოვრები ამბობს, რომ ძირითადი მიზეზი, რის გამოც კარი შეადუღეს, ”სიბრალულია”:

“სიბრალულის გამოც, აგეტირებოდა ზოგი ისეთი ბავშვი იყო. ეგეც იყო. უფრო, მე მგონი, სიბრალულის გრძნობა უფრო იყო, ვიდრე [ეზოს გადატვირთულობა]”.

ეზოს მცხოვრები ამბობს, რომ აღმაშენებლის გამზირიდან სკოლის ეზომდე მანქანით შედიოდნენ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების მშობლები და ეზოში ბევრი მანქანა იყრიდა თავს.

 

ამავე ეზოს მცხოვრები, რომლის ფანჯარა შედუღებულ კარს გადაჰყურებს, ამბობს, რომ არ იცის, ვინ და როდის შეადუღა კარი, თუმცა იცის, რომ კარი არა დისკრიმინაციული მოპყრობის, არამედ გადატვირთულობის გამო შეადუღეს:

 

“ნამდვილად არ არის მაგის გამო. უბრალოდ, იმდენს ჰყავს მანქანა, ეგენიც აყენებდნენ მანქანას, იმდენი მანქანა დგებოდა, რომ მაცხოვრებლებს ადგილი აღარ ჰქონდათ მანქანის გაჩერების. ბაზარში წამსვლელი ხალხი იქიდან ივლის მოკლეზე.”

 

“თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრის” ხემძღვანელი მარინა შოსტაკი ამბობს, რომ კარი, რომელიც 2004 წელს ჩადგეს, მალევე შეადუღეს. ორი წლის წინ კარი ხელახლა გაიხსნა, თუმცა ამას ისევ დიდი “სკანდალი” მოყვა.

 

მარინა შოსტაკის თქმით, სკოლაში შესასვლელი ძირითადი გზა ბორჯომის ქუჩიდან მოდის, რომელიც ასევე საერთო ეზოზე გადის, ხოლო აღმაშენებლის გამზირის მხარეს დატანილი კარი სათადარიგოა, რომელსაც საჭიროების შემთხვევაში იყენებდნენ. სწორედ ამ კარიდან შემოდიოდნენ ეტლით მოსარგებლე ბავშვები.

 

“განსაკუთრებით ერთი ქალი ჩხუბობს, მაგრამ სხვა მეზობელმა, არავინ უთხრა, რომ სირცხვილი არ არის, როგორ შეიძლება?! არ ვიჩხუბე. ძალები ჩვენთან არ არის,” – ამბობს შოსტაკი.

 

იგი ამბობს, რომ ორი წლის წინ ამ დაპირისპირების გამო პოლიციაც მივიდა, თუმცა პოლიციის მიზანი იყო კონფლიქტის დასრულება, რასაც კარის შედუღება მოჰყვა.

 

კონფლიქტი არც მარინა შოსტაკს სურდა, რადგან, მისი თქმით, იგი უპირველესად სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვებს დააზარალებდა.

 

“აქ არ შეიძლება ჩხუბი, აქ არიან ბავშვები, ვისთანაც საჭიროა სპეციალური სიტუაცია და არ შეიძლება კონფლიქტი”, – ამბობს შოსტაკი.

 

სკოლის მასწავლებელი ლალი აბიათარი ამბობს, რომ არგუმენტი, რასაც ეზოს მცხოვრებლები იყენებდნენ, იყო ის, რომ მათ არ სურდათ სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ყურება.

 

“ჩვენ არ გვინდა ამ ბავშვების ნახვა, ჩვენი ეზოაო”, – ამბობს ლალი აბიათარი.

 

სკოლაში სულ 100-მდე სპციალური საჭიროების მქონე ბავშვი დადის, ამათგან 8 ეტლით გადაადგილდება. ეტლით მოსარგებლე ბავშვების მშობლები ამბობენ, რომ შედუღებული კარის გამო მათ სკოლის ეზომდე შვილის მიყვანა ხელით უწევთ.

სკოლის ხელმძღვანელი ამბობს, რომ მას სურს მერიამ ბორჯომის ქუჩაზე, საიდანაც სკოლაში შესვლა შეიძლება, გამოუყოს პარკირების ადგილი, სადაც მშობლები მანქანის გაჩერებას შეძლებენ.

 

ლალი აბიათარის თქმით, დროდადრო კონფლიქტი ბორჯომის ქუჩის მხრიდან არსებულ შემოსასვლელშიც იქმნება, რადგან სკოლამდე მისაღწევად მშობლებმა საერთო ეზო უნდა გაიარონ.

 

იქ მცხოვრებლები ასევე წინააღმდეგი არიან ხალხმრავლობის გამო, თუმცა, როგორც სკოლის დირექცია ამბობს, ეტლით მოსარგებლე მშობლებს სკოლის ჭიშკრამდე მისვლაში ხელს არ უშლიან.

 

“ეს ეზო არის საერთო პოლიკლინიკის, მცხოვრებლებისა და ჩვენი. როცა ბევრი მანქანა დგება, მერე იწყება კონფლიქტი, მაგრამ, როცა საქმე-საქმეზე მიდის ხოლმე, ეტლით მოსარგებლე ბავშვების მანქანებს უშვებენ,” – ამბობს აბიათარი.

 

ერთ-ერთი მშობელი, რომლის შვილიც ეტლით სარგებლობს, ამბობს, რომ ბორჯომის ქუჩის მხრიდან შემოსვლაზე მას დროდადრო პრობლემა ექმნება. მასაც სურს, რომ შედუღებული კარი აღმაშენებლის გამზირის მხრიდან გაიხსნას.

მეორე მშობელი ამბობს, რომ ბორჯომის ქუჩის მხრიდან შესვლაზეც ექმნებათ პრობლემა:

 

“ვისაც ტრანსპორტი ჰყავს და ბავშვები, რომლებიც ეტლით მოძრაობენ, აქ უნდა შემოვიდნენ, ჭიშკარი უნდა გაიღოს და შევიდნენ, ამ ჭიშკარს ხან აღებენ და ხან არ აღებენ.”

იგი წუხს იმის გამო, რომ აღმაშენებლის მხრიდან შემოსასვლელი კარი შედუღებულია.

“როგორ შეიძლება მშობლებს უთხრა, რომ ასეთი ბაშვები არ შეიძლება ჩემმა ბავშვებმა ნახონ. რომ განეცადათ ეს ამბავი, ასე არ იტყოდნენ. ამ ბავშვებს ხელი უნდა შეუწყონ და ამის მაგივრად კარს გვიკეტავენ.”

მშობლები ელიან იმას, რომ კარი გაიხსნება, თუმცა აღმაშნებელის 181-ში მცხოვრები მეზობლები, ვისაც ნეტგაზეთი ესაუბრა, წინააღმდეგი არიან.

აღმაშენებლის 181-ის მცხოვრები ნინო ტოროტაძე ამბობს, რომ კარის გაღებას არ ისურვებს იმის მიუხედავად, რომ მშობლებს ჩაკეტილი კარის გამო ეტლით მოსარგებლე შვილების სკოლამდე მიყვანაში ხელი ეშლებათ.

ტოროტაძეს დისკომფორტს არ უქმნის სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების ყურება:

 

“არც ვხედავდი იმ ბავშვებს და რომც ვხედავდე, მე თვითონ პედაგოგი ვარ და როგორ შემიძლია ასეთ დაჩაგრულ ბავშვებზე ეს ვთქვა”.


ადამიანის დისკრიმინაციას რაიმე ნიშნით საქართველოს კანონმდებლობა კრძალავს. ანტიდისკრიმინაციული კანონმდებლობის საკითხებზე საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით სახალხო დმაცველის ოფისი მუშაობს, რომელსაც ნეტგაზეთმა მიმართა შეკითხვით, აპირებენ თუ არა საქმის შესწავლასა და რეაგირებას:


“დისკრიმინაციის საკითებთან დაკავშირებით ჩვენთან იქმნება თანასწორობის დეპარტამენტი, რომელიც 1 ოქტომრბიდან მუშაობას დაიწყებს საქართველოს სახალხო დმაცველის ოფისში, შესაბამისად, იმ კუთხით, არის თუ არა ეს დისკრიმინაცია, შეფასებას, იდენტიფიკაციას და შემდეგ მედიაციას თანასწორობის დეპარტამენტი გააკეთებს”, – ამბობს საქართველოს სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის ცენტრის უფროსი ნათია ფირაშვილი და დასძენს:


“თუმცა ასევე მინდა გითხრათ, რომ სახალხო დამცველის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ცენტრმა ამ საქმის შესწავლა დაიწყო. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ შშმ პირები შედიოდნენ დაწესებულებაში, რომელიც მათ მომსახურებით უზრუნველყოფას ახორციელებს. ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ საჯარო დაწესებულებიდან შეგვიძლია გამოვითხოვოთ ინფორმაცია და აღვადგინოთ შშმ პირების უფლებები, რათა მათ ისარგებლონ ამ კარით. სხვა კუთხით, რაც შეეხება დისკრიმინაციას და ასე შემდეგ, ეს შშმ პირების უფლებების დაცვის ცენტრის კომპეტენციას ფარგლებს სცდება”, – აცხადებს იგი.

 

ნათია ფირაშვილის თქმით, “თავისუფალი პედაგოგიკის ცენტრმა” უნდა უზრუნველყოს, რომ შშმ პირებს დაწესებულებაში შესვლის საშუალება ჰქონდეთ.


“რაც შეეხება მოქალაქეებს და მათ დამოკიდებულებას, გეტყვით, რომ სტიგმა და სტერეოტიპები, რომელიც შშმ ბავშვების მიმართ არსებობს, არის ინფორმაციის ნაკლებობისა და ცნობიერების დაბალი დონის შედეგი და ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი კამპანიაა საწარმოებელი ამ კუთხით. ტელევიზიას და მედიას ძალიან დიდი როლი აკისრია, ამიტომ ვფიქრობ, რომ თქვენც უნდა შეიტანოთ წვლილი ამ კუთხით ბრძოლაში”, – აცხადებს ფირაშვილი.

შედუღებული კარი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლაში
შედუღებული კარი სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვების სკოლაში

მასალების გადაბეჭდვის წესი