ახალი ამბები

გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

23 მარტი, 2019 • 1741
გაეროში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ რეზოლუცია მიიღეს

“თანამშრომლობა საქართველოსთან” – რეზოლუცია ამ სახელწოდებით გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭომ მიიღო. 22 მარტს ჟენევაში გამართულ სხდომაზე მიღებული დოკუმენტი საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და აქ არსებულ ვითარებას ეხება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში ადამიანის უფლებათა საბჭო საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას კიდევ ერთხელ ადასტურებს. უწყების თანახმად, დოკუმენტი აღიარებს  “საქართველოს მთავრობის ძალისხმევას” დემოკრატიის განმტკიცების კუთხით და შეშფოთებას გამოთქვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მძიმე ვითარებასთან დაკავშირებით.

“რეზოლუციაში ადამიანის უფლებათა საბჭო გამოთქვამს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში ეთნიკური ქართველი მოსახლეობის წინააღმდეგ დაფიქსირებული სხვადასხვა სახის დისკრიმინაციის, სიცოცხლის უფლების დარღვევის, თავისუფლების აღკვეთის, უკანონო დაკავებებისა და გატაცებების, საკუთრების უფლებისა და ჯანდაცვის უფლების დარღვევის, მშობლიურ ენაზე განათლების მიღების შეზღუდვასა და იძულებით გადაადგილებულ პირთა სახლების მიზანმიმართული ნგრევის პრაქტიკის განახლებასთან დაკავშირებით”, – აცხადებს სამინისტრო.

ადამიანის უფლებათა საბჭო ასევე უსვამს ხაზს ფაქტს, რომ საერთაშორისო მონიტორინგის მექანიზმებს ტერიტორიებზე შესვლის შესაძლებლობა კვლავ არ ეძლევათ. დოკუმენტი მოიცავს მოწოდებასაც, რომელიც ამ პრობლემის დაუყოვნებლივ აღმოფხვრას გულისხმობს.

საგარეო უწყების ცნობით, რეზოლუცია ადამიანის უფლებათა საბჭოს სხდომაზე  საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ლაშა დარსალიამ წარადგინა. პრესრელიზის თანახმად, მან სხდომის მონაწილეებთან  აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში არსებულ მძიმე ჰიმანიტარულ მდგომარეობაზე, ასევე საქართველოს მოქალაქეების უკანონო დაკავებებისა  და მათი სიცოცხლის ხელყოფის ტენდენციაზე ისაუბრა. ამ უკანასკნელის მაგალითად დარსალიამ ირაკლი კვარაცხელიას გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვალება დაასახელა.

“მან ასევე აღნიშნა, რომ მიუხედავად გასულ წელს საბჭოს პირდაპირი მოწოდებისა, უმაღლესი კომისრის ოფისს ჰქონოდა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონებში შესვლის საშუალება, საოკუპაციო ძალამ არ დაუშვა გაეროსა და სხვა შესაბამისი საერთაშორისო ორგანიზაციების მონიტორინგის  შეღწევა ამ რეგიონებში”, – აცხადებს უწყება.

საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, სხდომაზე საქართველოს მხარდამჭერი განცხადებები არაერთო ქვეყნის, მათ შორის, ავსტრალიის, დიდი ბრიტანეთის, დანიისა და ჩეხეთის დელეგაციების მხრიდან გაკეთდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი