თქვენი გაშვებული დამნაშავეებიდან რამდენი დაბრუნდა ციხეში? – გოცირიძე ბახტაძეს

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი, რომან გოცირიძე პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძეს სთხოვს სტატისტიკას ამნისტირებული პატიმრების შესახებ, რომლებმაც ხელმეორედ ჩაიდინეს დანაშაული და დაბრუნდნენ ციხეში. ამის შესახებ გოცირიძემ და ბახტაძემ პარლამენტში დღეს, 22 მარტს იკამათეს.

თქვენ ახლა სარკაზმით მოიხსენიეთ ფრაზა “ყველანი ციხეში”. დამნაშავე, რომელიც ღირსია, უნდა იყოს ციხეში, მაგრამ თქვენ გაატარეთ სხვა პრინციპი – “ყველანი ციხიდან”. პოლიტიკური და საარჩევნო მოსაზრებით თქვენ ათასობით ადამიანი გამოუშვით ციხიდან, რომელთა დიდი ნაწილი დღეს აწიოკებს ევროპას, ხოლო მეორე ნაწილი – ძარცვავს და აყაჩაღებს საქართველოს”, – მიმართა რომან გოცირიძემ პრემიერს.

აღნიშნული სტატისტიკის გამოქვეყნება რომან გოცირიძემ გუშინ იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსაც მოსთხოვა:

გუშინ დავუსვი იუსტიციის მინისტრს შეკითხვა – ის ათასობით დამნაშავე, რომელიც თქვენ ციხიდან გამოუშვით, რამდენი დაბრუნდა უკან? სტატისტიკა არა გვაქვსო. თქვენ კი დღეს ამაყობთ სტატისტიკით. ვინაიდან ყველა ციხეში უკან დაბრუნებული ნიშნავს ჩადენილ დანაშაულს, გაუბედურებულ ოჯახებს და ქვეყანაში ფაქტობრივად კრიმინალური ვითარეიბს კიდევ უფრო გაუარესებას, გთხოვთ, გვიპასუხოთ, რამდენი დაბრუნდა ციხეში?”

პრემიერ-მინისტრმა რომან გოცირიძე ტყუილში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ იაფფასიანი პოპულიზმია იმაზე საუბარი, თითქოს ციხიდან გამოშვებულმა ადამიანებმა გამოიწვიეს კრიმინალის ზრდა. მამუკა ბახტაძის თქმით, ციფრები არის ძალიან ნათელი და ენმ-ს წერილობით გაუგზავნის სტატისტიკას.

მამუკა ბახტაძის თქმით, 2018 წელს წინა წელთან შედარებით დანაშაულის 54%-იანი ზრდა კრიმინალის აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული.

ვრცლად:

დანაშაულის 54%-იანი ზრდა აღრიცხვიანობის სიზუსტითაა გამოწვეული – ბახტაძე

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
გიორგი დიასამიძე არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2014 წლიდან. აშუქებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თემებს, სპორტს და სხვა მიმდინარე მოვლენებს. ასევე, მუშაობს განათლების, ადამიანის უფლებებისა და სოციალურ საკითხებზე.