ახალი ამბები

“კობახიძე იტყუება, როდესაც NGO-ებს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს” – არასამთავრობები

22 მარტი, 2019 • 1072
“კობახიძე იტყუება, როდესაც NGO-ებს არჩევნებში ჩარევაში ადანაშაულებს” – არასამთავრობები

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ დღეს, 22 მარტს განაცხადა, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები არჩევნების დროს ზურაბიშვილის წინააღმდეგ წარმართულ კამპანიებში იღებდნენ მონაწილეობას. ამ განცხადებას თავად NGO სექტორი გამოეხმაურა და თავმჯდომარის სიტყვები სიცრუედ შეაფასა.

“ერთ-ერთი ყველაზე აქტიური არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვითონ იყო ინიციატორი 30 თეთრის კამპანიის, რომელმაც მოღალატედ გამოაცხადა დღევანდელი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ბუნებრივია, ასეთი ფაქტები პირდაპირ ახდენს არასამთავრობო ორგანიზაციების დისკრედიტაციას და ზოგადად ამ ფენომენის დისკრედიტაციას.

ასევე, კიდევ ერთ ორგანიზაციას, “საერთაშორისო გამჭვირვალობას”, ამ კამპანიის ხელშემწყობი ბანერი პირდაპირ ჰქონდა განთავსებული ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე. ეს არის ძალიან მძიმე ფაქტები, რაც ყურადღებასა და სათანადო რეაგირებას საჭიროებს,” – განაცხადა კობახიძემ.

ამ განცხადებას რუსთავი 2-თან საუბარში ტყუილად აფასებს “სამართლიანი არჩევნების” აღმასრულებელი დირექტორი, მიხეილ ბენიძე.  მისი თქმით, კობახიძე მუდამ ესხმის თავს არასამთავრობოებს, ნაცვლად იმისა, რომ ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე ისაუბროს.

“ირაკლი კობახიძე კიდევ ერთხელ იტყუება ყველა ამ ნაწილში, როდესაც ამბობს, თითქოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები რაღაც კამპანიაში ვიყავით ჩართული, თითქოს “სამართლიანი არჩევნები” რომელიმე პოლიტიკოსს, რომელიმე კანდიდატს უჭერდა მხარს, ან არ უჭერდა.

როდესაც ჩვენ ნდობას ზომავს, მე ალბათ ვურჩევდი, პირველ რიგში, საკუთარი ნდობა გაზომოს და საკუთარი რეიტინგები იმიტომ, რომ სამარცხვინოა, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარე ყველა ფორუმზე არასამთავრობო სექტორზე თავდასხმებით არის მუდამ დაკავებული, ნაცვლად იმისა, რომ იმსჯელოს, ვთქვათ, ქვეყანაში არსებულ სერიოზულ გამოწვევებზე”, – ამბობს მიხეილ ბენიძე.

კობახიძის განცხადებას ასევე გამოეხმაურა “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს” პროგრამის მენეჯერი ლევან ნატროშვილი, რომელმაც პარლამენტის თავმჯდომარის კომენტარი არასამთავრობოებისთვის “ჩირქის მოცხობის” მცდელობად და ტყუილად შეაფასა.

“როგორც ჩანს, არ აქვთ კონტრარგუმენტები იმ პრობლემებზე, რაც ჩვენ მიმოვიხილეთ და რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით და ამიტომ ცდილობენ ჩირქის მოცხებას. საინტერესოა, კითხვას თუ უსვამენ საკუთარ თავს, როგორ შეიძლება, რომ იგივე პრობლემები, რაზეც ჩვენ ვსაუბრობდით, მოხვედრილიყო ეუთოს ანგარიშებშიც და ასევე, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში“ ,- ამბობს ლევან ნატროშვილი.

რაც შეეხება საიას, მისი თავმჯდომარე, სულხან სალაძე დასძენს, რომ ამ ქვეყანაში “სუსტი არის არა არასამთავრობოი სექტორი, არამედ თავად ხელისუფლება”. მისივე მოსაზრებით, პარლამენტის თავმჯდომარემ მეტი ყურადღება უნდა დაუთმოს ქვეყანაში არსებულ პრობლემებს და თავი დაანებოს NGO-ების კრიტიკას.

“ბოლო საკონსტიტუციო ცვლილებების გათვალისწინებით, პასუხისმგებლობა არის პარლამენტზე. ეს ერთი, მეორე – ხელისუფლება, რომელსაც ბოდიში და, თავზე გადაახია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ გასული წლის ბოლოს კონსტიტუცია და კანონი და ისე გაუგზავნა უზენაეს სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია.

ხელისუფლება, რომელმაც მიიღო პირველი მოსმენით კანონი უზენაეს მოსამართლეთა შერჩევასთან დაკავშირებით, ის სამოქალაქო სექტორის სუსტ და ძლიერ მხარეებზე არ უნდა საუბრობდეს. მე მინდა ვურჩიო ბატონ კობახიძეს, რომ მეტი დრო და ყურადღება დაუთმოს იმ პრობლემებს, რომელიც ქვეყანაში არის და თავი დაანებოს სამოქალაქო სექტორის კრიტიკას. ამით ის არ აზიანებს სამოქალაქო სექტორს, ამით აზიანებს ქართულ სახელმწიფოს“, – თქვა სულხან სალაძე.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი