შსს-ში განგვიცხადეს, რომ გენერალური ინსპექციის დასკვნის საფუძველზე შალვა ჯანიყაშვილი არის დაქვეითებული და გადაყვანილია ქობულეთში დეტექტივის თანაშემწედ, ხოლო ნაციონალური მოძრაობის წევრის, რაულ თავართქილაძის განცხადებით, ჯანიყაშვილი მუხაესტატეს პოლიციის განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა.
„ჯერ ბათუმელებს გვაგინა და ახლა ალბათ ქობულეთელებს აგინებს“- აცხადებს რაულ თავართქილაძე.
შალვა ჯანიყაშვილი ბათუმგორაზე ნასვამ მდგომარეობაში, მანქანის რუპორიდან იგინებოდა, ხელში იარაღი ეჭირა და ხმამაღლა გაიძახოდა „შაკო ვარ კასპიდან“. „ბათუმელებმა“ ეს ინფორმაცია სამ სექტემბერს თვითმხილველზე დაყრდნობით გაავრცელა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ქედის პოლიციის სამმართველოში მომხდარ ინცინდენტზეც ისაუბრა:
„სამმართველოს უფროსი კაკო ლორია და მოადგილე როლანდ იაკობაძე, პოლიციის თანამშრომლებმა მათზე მიყენებული სიტყვიერი შურაცხყოფის გამო, ადმინისტრაციულ შენობაში არ შეუშვეს. ისინი უცენზურო სიტყვების გამოყენებით, დამამაცირებლად ეპყრობოდნენ პოლიციელებს. სამმართველოებში არაადამიანური გრაფიკით მუშაობენ თანამშრომლები. არ აქვთ შესვენების საათები. მესმის რომ კრიმინოგენური ვითარება არის გართულებული, მაგრამ პოლიციელებს უნდა მისცენ შესაძლებლობა სახლში წავიდნენ და ცოტა ხნით დაისვენონ“- აცხადებს თავართქილაძე. მისი აზრით, შს სამინისტრომ მენეჯმენტს უნდა გადახედოს.
შს სამინისტროს პრესსამსახურში აცხადებენ რომ ქედის ინცინდენტს შს სამინისტრო არ ადასტურებს.