ნეტგაზეთი | სომხეთში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს საბაჟო კავშირში გაწევრიანება სომხეთში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს საბაჟო კავშირში გაწევრიანება – Netgazeti
RU | GE  

სომხეთში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს საბაჟო კავშირში გაწევრიანება

სომხეთში სულ უფრო ნაკლებ ადამიანს სურს საბაჟო კავშირში გაწევრიანება. ამას მოწმობს აგვისტოში სომხეთის მასშტაბით ორგანიზაცია Gallup International-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვის შედეგები. 

 

ორგანიზაციის მონაცემებით, თუ წინა წელს საბაჟო კავშირში გაწევრიანების სურვილი გამოკითხულთა 67%-მა გამოთქვა, ერთი წლის შემდეგ აღნიშნულ გაერთიანებაში შესვლას რესპონდენტთა 57% ემხრობა. 

 

Gallup International-ის ოფისის დირექტორი, არამ ნავასერდიანი ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ ასეთი სხვაობა, პირველ რიგში, სომხეთის ევრაზიისა და საბაჟო კავშირებში შესვლის გაურკვევლობასთან არის დაკავშირებული. ამ დრომდე, მისი აზრით, არ არის ნათელი, როდის გახდება სომხეთი რუსეთის, ბელორუსის და ყაზახეთის ინტეგრაციული პროექტის სრულუფლებიანი წევრი. 


გარდა ამისა, საზოგადოებრივ აზრზე არანაკლებ გავლენას უკრაინაში არსებული სიტუაცია ახდენს, რომელიც ფაქტობრივად მოსკოვთან თავის ურთიერთობებს წყვეტს და ასევე, ის რუსული ტელეარხები, რომლებიც სომხეთში მაუწყებელობენ და ხელმისაწვდომია საკაბელო ქსლებშიც. 

 

ამას თუ დავუმატებთ კითხვას, რომელი საზღვრებით აპირებს სომხეთი ახალი კავშირში გაწევრიანებას – მთიანი ყარაბაღით, თუ მის გარეშე- სურათი სრული ხდება. არამ ნავასარდიანის თქმით, როდესაც ორგანიზაციის მკველვარებმა კითხვებში აქცენტი მთიან ყარაბაღზე გააკეთეს, გამოკითხულთა მაჩვენებელი, რომელიც საბაჟო კავშირში შესვლის მომხრეა, 57-დან 23%-მდე შემცირდა. 

 

რა თქმა უნდა, Gallup International-ის კითხვები შეეხებოდა არა მხოლოდ სომხეთის ინტეგრაციულ არჩევანს. მაგალითად, კითხვაზე კმაყოფილი არიან თუ არა ადამიანები საკუთარი ცხოვრებით, გამოკითხულთა ზუსტად ნახევარმა დადებითად, ხოლო მეორე ნახევარმა უარყოფითად უპასუხა. ამასთან, ოჯახის ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც “ძალიან კარგს”, რესპონდენტთა მხოლოდ 1% აფასებს. როგორც “კარგს”- 14%, “საშუალოს”- 52%, “ცუდს”- 22% და “ძალიან ცუდს”- 11%. 

 

ასევე, ქვეყანაში ეკონომიკურ მდგომარეობას, როგორც “ძალიან ცუდს”, მოსახლეობის 39% აფასებს. [“ცუდი”-35%, “საშუალო”-21%, “კარგი”-3%]. გამოკითხულთა 37% მიიჩნევს, რომ მომავალში “უარესი” იქნება. მხოლოდ 2% მიიჩნევს, რომ “ყველაფერი კარგად იქნება.” 

 

სომხეთის მოსახლეობის თითქმის 49% ყველაზე მნიშვნელოვან პრობლემად  საომარ მდგომარეობას მიიჩნევს, რომელიც მთიანი ყარაბაღის პრობლემის დაურეგულირებლობასთან და აზერბაიჯანთან დაპირებისპირებასთან არის კავშირში. გამოკითხვის შედეგებით, მეორე სერიოზული პრობლემა ქვეყანაში [35%] უმუშევრობაა. მესამე ადგილზე [33%] – მიგრაცია.

 

არამ ნავასარდიანი; ფოტო: აშოტ გაზაზიანი

მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
   
ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის