ყანჩაველის ადვოკატის, ქეთი ქაჩლიშვილის თქმით, პროცესი საკმაოდ დიდხანს გაგრძელდა და სასამართლოს არ მიუღია შემაჯამებელი გადაწყვეტილება, რადგან მტკიცებულებები კვლავ გამოსაკვლევია.
როგორც “საიას” იურისტი აცხადებს, დღეისათვის დაცვის მხარემ დააყენა შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის თაობაზე, რომლების უშუალოდ ინციდენტის შემსწრენი იყვნენ და დაადასტურებენ იმას, რომ მარიამ ყანჩაველს რეალურად არ ჩაუდენია რაიმე სახის სამართალდარღვევა, მათ შორის წვრილმანი ხულიგნობა, რომელსაც ედავება საპატრულო პოლიცია.
“ასევე, დავკითხეთ იქ ადგილობრივად მაცხოვრებელი პირი, რომელმაც დაადასტურა, რომ გამართული საპროტესტო აქციები, რეალურად, მათ სიმშვიდეს არ ხელყოფს და არც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს და პირიქით, რომ მიმდინარე მშენებლობა უფრო მეტ ქაოსს, ხმაურს ქმნის და ამით უფრო წუხდებიან, ვიდრე საპროტესტო აქციებით. თვითონ მხარეს რაიმე შუამდგომლობა არ წარმოუდგენია, არც რაიმე სახის დამატებითი მტკიცებულება, გარდა მხარის ახსნა–განმარტებისა, რომელიც ძალიან ზოგადი და ზერელე იყო,” – გვითხრა ქეთი ქაჩლიშვილმა.
კითხვაზე, ესწრებოდა თუ არა ის პიროვნება სასამართლო პროცესს, რომელმაც ესროლა ბოთლი სატვირთო ავტომობილის, “საიას” ადვოკატი გვპასუხობს:
“მე ამის შესახებ არ მაქვს ინფორმაცია. მე ამ ეტაპზე წარმოვადგენ მარიამ ყანჩაველის ინტერესებს და, შესაბამისად, ფაქტობრივ გარემოებას ვიცნობ ამ კუთხით. შემიძლია დავადასტურო, რომ მარიამ ყანჩაველს არ ჩაუდენია აღნიშნული ქმედება, რასაც ადასტურებენ მოწმეები და რაც ასევე ასახულია ვიდეოკადრებში, რომელიც ადგილზე იმ წუთას არის გადაღებული.”
მარიამ ყანჩაველი 13 სექტემბერს ჭოველიძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს და გუშინვე ხელწერილით გაათავისუფლეს. “პარტიზანი მებაღის” სასამართლო პროცესი დღეს, 14 სექტემბერს, 12:00 სათზე დაიწყო და დაახლოებით ოთხ საათს გაგრძელდა.
“პარტიზანი მებაღეები” ჭოველიძის და გუნიას ქუჩის კუთხეში შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ. მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, შპს “ნირან პროპერტის დეველოპმენტის” საკუთრებაა. “პარტიზანი მებაღეები” აცხადებენ, რომ 2012 წელს ტერიტორიას, სადაც ახლა მშენებლობა მიდის, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა და საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიენიჭა.
