მარიამ ყანჩაველი 13 სექტემბერს ჭოველიძის ქუჩაზე პატრულის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის საფუძველზე (წვრილმანი ხულიგნობა) დააკავეს და გუშინვე ხელწერილით გაათავისუფლეს.
“პარტიზან მებაღეებსა” და სამშენებლო კომპანიის სატვირთო ავტომობილის მძღოლს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ერთ–ერთმა “პარტიზანმა მებაღემ” სატვირთო ავტომობილს ბოთლი ესროლა. “პარტიზანი მებაღეობის” წარმომადგენლის ნატა ფერაძის თქმით, მარიამ ყანჩაველი ამ ფაქტთან დაკავშირებით არაფერ შუაშია.
“გუშინ ტელეკომპანია “იმედზე” გავიდა სიუჟეტი, რომელსაც იღებდნენ. იქ თვალნათლივ ჩანს, რომ ბოთლის სროლის დროს ყანჩაველი გვერდზე იდგა და არაფერ შუაშია. ამის ვიდეო–მტკიცებულებაც გვაქვს. იმ კადრებში კარგად ისმის ბოთლის გატეხვის ხმა. ამასობაში, სანამ ეს მძღოლი გადმოვიდა მანქანიდან, ყანჩაველი შერჩა იმ ადგილას. ნამდვილად არ უარვყოფ, რომ ერთ–ერთი ჩვენგანის ნასროლია ბოთლი, მაგრამ ის, რომ ყანჩაველის ნასროლი არ არის, ამას სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ ყველანი,” – განაცხადა ნატა ფერაძემ.
მარიამ ყანჩაველის სასამართლო პროცესი დღეს, 12:00 საათზეა დანიშნული. პარტიზანი მებაღის უფლებებს “საიას” ადვოკატი ქეთი ქაჩლიშვილი იცავს.
“პარტიზანი მებაღეები” ჭოველიძის და გუნიას ქუჩის კუთხეში შვიდსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას აპროტესტებენ. მიწის ნაკვეთი, სადაც მშენებლობა მიმდინარეობს, შპს “ნირან პროპერტის დეველოპმენტის” საკუთრებაა. “პარტიზანი მებაღეები” აცხადებენ, რომ 2012 წელს ტერიტორიას, სადაც ახლა მშენებლობა მიდის, სარეკრეაციო ზონის სტატუსი მოეხსნა და საცხოვრებელი ზონის სტატუსი მიენიჭა.