ახალი ამბები

გიორგი სიგუა: კაზანტიპის გამო ეკონომიკის მინისტრი და მეც საპატრიარქოში დაგვიბარეს

13 სექტემბერი, 2014 • • 1402
გიორგი სიგუა: კაზანტიპის გამო ეკონომიკის მინისტრი და მეც საპატრიარქოში დაგვიბარეს

სიგუას თქმით, ეკონომიკის სამინისტრო, შესაბამისად, მთავრობაც “კაზანტიპის” დამაარსებელ ნიკიტა მარშუნოკს უსაფრთხოებას, სარეკლამო მხარდაჭერას, ინფასტრუქტურის განვითარებას, მიწის ათწლიანი იჯარით გადაცემას დაპირდა, რომელთაგანც მხოლოდ ერთი პუნქტი, უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეასრულა. სიგუას თქმითვე, სახელმწიფოს უკანდახევის მიზეზი მართლმადიდებელი ეკლესიისგან წამოსული წინააღმდეგობა გახდა:

 

“მინისტრი დაიბარეს და მეც დამიბარეს საპატრიარქოში, მქონდა შეხვედრები ეპისკოპოსებთან და მეუფეებთან, იერარქიაში კარგად ვერ ვერკვევი, მითხრეს, ეს არ უნდა ჩატარდესო, ეს იქნება სოდომი და გომორი, ეს საქართველოს წაართმევს ანაკლიას და ამიტომ დაკარგა უკრაინამ ყირიმი, რომ იქ ტარდება კაზანტიპი. მშვიდად მოვუსმინე, ვუთხარი ჩემი არგუმენტები, ავუხსენი ყველაფერი, ვითომ ერთ მომენტში დაიჯერეს, შემდეგ ძალიან ცუდი რაღაცები მოხდა, არ მინდა ახლა ამაზე საუბარი. ზეწოლა იყო, ნამდვილად, არ მინდა მთელი ეკელსია გავაკრიტიკო, მაგრამ იქ არიან სასულიერო პირები, რომლებიც ნამდვილად არ იქცევიან როგორც  სასულიერო პირები, პირიქით, ძალიან ცუდ როლს ასრულებენ ქვეყნის და საზოგადოების განვითარებაში”,- განაცხადა სიგუამ “ბინზესკურიერთან” საუბრისას.

 

მისივე თქმით, რამდენიმე სასულიერო პირი მას უშუალოდ აშანტაჟებდა სამინისტროს თანამშრომლის განსხვავებული სექსუალური იდენტობის გამო და ამ ინფორმაციის გასაჯაროებით ემუქრებოდა:

 

“უთხარი, რა თქვენი საქმე-ათქო. ანტიდისკრიმინაციული კანონი გვაქვს მიღებული, მეუბნებოდნენ, ამას გავაჟღერებთ. ჩემზე არ იქონია ამან გავლენა, მაგრამ ამან გავლენა იქონია გიორგი კვირიკაშვილზე. მას შემდეგ, რაც მინისტრი საპატრიარქოს წარმომადგენლებს შეხვდა, მითხრა, რომ ჯობია ჩვენ ეს ღონისძიება ჩავშალოთ და ჩავტააროთ სხვა ღონისძიება, რაზეც მე ვუპასუხე, რომ ფესტივალი ჯდება 7-8 მილიონი ლარი, თუ ამ ფულს მომცემ და ჩავატარებ რაიმე ფესტივალს, ერთი, ეს იქნება წყალში გადაყრილი თანხა, მეორე, გავხდებით დასაცინი და მესამე- როგორ შეიძლება შენ გყავდეს ინვესტორი, რომელიც ფულს აქეთ ხარჯავს, შენ კაპიკს არ გთხოვს და შენ სახელმწიფოს ფულს ხარჯავ პირიქით, მე ამაზე ვუთხარი უარი”- ამბობს სიგუა.

 

ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელის განცხადებით, ნიკიტა მარშუნოკსა და ეკლესიას შორის შეთანხმებაც კი შედგა ფესტივალზე მხოლოდ “სნოს” შეტანასთან დაკავშირებით, თუმცა მოგვიანებით ეკლესიას სხვა მოთხოვნები გაუჩნდა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

 

“სნოს სურდა, რომ ისინი წყლის ექსკლუზიური გამყიდველები ყოფილიყვნენ, რაც იყო საკმაოდ ძვირადღირებული ლოტი, სნო ამას ღებულობდა აბსოლუტურად უფასოდ, ეს იყო მათი მოთხოვნა, რომ წყალი მათ უნდა გაეყიდათ. შევთანხმდით, ეკლესია ითხოვდა “სნოს” შემოტანას. თვითონ სასულიერო პირები ითხოვდნენ, ჩვენ უნდა შემოვიტანოთ “სნო”-ო. თავად კომპანია კი არ მოსულა. ეს გაიტანეს, მაგრამ შემდეგ სხვა რაღაცებიც მოითხოვეს და წარმოიშვა ნიკიტა მარშუნოკსა და მათ შორის ბიზნესდაპირისპირება, თქვენ რა გგონიათ, სასულიერო პირები არიან ჩვეულებრივი ბიზნესმენები, ფირმები აქვთ, ბიზნესს აწარმოებენ, გადასახადებს არ იხდიან”.

 

კომპანია “აქვა გეო” “სნოს” ბრენდის ქვეშ სასმელ წყალს 2009 წლიდან აწარმოებს. საჯარო რეესტრის მონცემებით, კომპანიის 80% –ს ვახტანგ ლიპარტიანი, ხოლო 20%–ს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო ფლობს. კომპანიის დირექტორია დავით გიგაია. 

 

“ნეტგაზეთი” შეეცადა პატრიარქის მდივანთან მიქაელ ბოტკოველთან დაკავშირებას, თუმცა ვერ მოახერხა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი