ახალი ამბებირეკლამა

ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

19 მარტი, 2019 • 1238
ივანე მაჭავარიანი ჰონგ-კონგის მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს შეხვდა

დღეს, 19 მარტს ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი  ჰონგ-კონგის სპეციალური ადმინისტრაციული მთავრობის კომერციისა და ეკონომიკური განვითარების მდივანს, ედვარდ იაუს შეხვდა, რომელიც საქართველოში ვიზიტით მყოფ ჰონგ-კონგის სავაჭრო განვითარების საბჭოს (HKTDC) უმაღლესი რანგის ბიზნეს-დელეგაციას ხელმძღვანელობს.

დელეგაციის ვიზიტის მიზანი, საქართველოს საინვესტიციო გარემოს გაცნობა და შესაძლო ბიზნეს-კავშირების დამყარებაა ქართველ პარტნიორებთან.

მხარეებმა მიმოიხილეს ორმხრივი თანამშრომლობის ფართო სპექტრი და ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალურ ადმინისტრაციულ რეგიონს, ჰონგ-კონგს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ გაფორმებული შეთანხმების მნიშვნელობას.

აღსანიშნავია, რომ საქართველო რეგიონში პირველი ქვეყანაა, რომელთანაც ჰონგ- კონგმა თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება გააფორმა. დოკუმენტი 2019 წლის თებერვლიდან უკვე ძალაშია და მისი მიზანია, ჰონგ-კონგსა და საქართველოს შორის საქონლის თავისუფალი გადაადგილების პირობების განსაზღვრა და მომსახურებით ვაჭრობის ხელშეწყობა.

ფინანსთა სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო საინვესტიციო და ბიზნეს კავშირების გააქტიურების პერსპექტივას, პარტნიორობის საკითხებს ისეთ სფეროებში როგორიცაა: ვაჭრობა და მეწარმეობის განვითარება, საგზაო, სარკინიგზო და საზღვაო ინფრასტრუქტურა, ტექნოლოგიები და სხვა.

ივანე მაჭავარიანმა სტუმარს გააცნო ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნით განხორციელებული და სამომავლოდ დაგეგმილი რეფორმები და აღნიშნა, რომ საქართველოსთვის მნიშვნელოვანია იმ გამოცდილებისა და წარმატების გაზიარება, რომელიც ჰონგ-კონგს აქვს როგორც მსოფლიოში წამყვან საერთაშორისო ფინანსურ ცენტრს.

ყურადღება გამახვილდა საქართველოს, როგორც დიდი სატრანზიტო ფუნქციის მქონე ქვეყნის მნიშვნელობაზე, განსაკუთრებით, „ერთი სარტყელი – ერთი გზის“ ინიციატივის“ ფარგლებში.

როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, სახელმწიფო მნიშვნელოვან ფინანსურ რესურსებს მიმართავს სატრანსპორტო დერეფნის განვითარების მიმართულებით, რაც უახლოეს წლებში, ხელს შეუწყობს გაძლიერდეს საქართველოს როგორც ევროპისა და ცენტრალური აზიის დამაკავშირებელი სავაჭრო და ლოგისტიკური ჰაბის პოტენციალი.

მხარეებმა იმედი გამოთქვეს, რომ თბილისში გამართული პანელი „ინვესტირების შესაძლებლობები საქართველოში“ კიდევ უფრო გაზრდის ქვეყნის მიმართ დაინტერესებას და საქართველოსა და ჰონგ-კონგს შორის ეკონომიკური საქმიანობის განვითარებას.

მასალების გადაბეჭდვის წესი