ახალი ამბები

“თბილისის მერიის თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნის მოტივად პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ”

12 სექტემბერი, 2014 •
“თბილისის მერიის თანამშრომლები სამსახურიდან დათხოვნის მოტივად პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ”

გავრცელებული განცხადების მიხედვით, მოქალაქეები აცხადებენ, რომ 2014 წლის აგვისტოს დასაწყისიდან სისტემატიურად ხდება ზეწოლა  მათსა და სხვა თანამშრომლებზე თანამდებობის „ნებაყოფლობით” დატოვების შესახებ განცხადების დაწერის მოთხოვნით.

 

“მათი განცხადებით, მსგავს უკანონო ქმედებებში, როგორც წესი, მერიის სხვადასხვა სამსახურების უფროსები და მათი მოადგილეები მონაწილეობენ და სამსახურიდან გათავისუფლების მოტივად მათ პოლიტიკურ შეხედულებებს ასახელებენ”.

 

არასამთავრობო ორგანიზაციების ცნობით, მერიის ზედამხედველობის სამსახურის 3 თანამშრომელი ამბობს, რომ ამავე სამსახურის  უფროსი, გეგი ნიჟარაძე და მისი მოადგილე, დავით მედულაშვილი მათ ხელმოსაწერად ნებაყოფლობითი გათავისუფლების შესახებ წინასწარ მომზადებულ განცხადებებს ახვედრებენ. ამ საჯარო მოხელეების თქმით, განცხადებაზე ხელის მოწერის უარის თქმის შემთხვევაში ემუქრებიან, რომ მათ საქმეებს საგამოძიები ორგანოები შეისწავლიან.

 

ასევე, განცხადების თანახმად, დიდუბის რაიონის გამგეობის თანამშრომლები ამბობენ, რომ გამგებელი ირმა ზავრადაშვილი მათ აიძულებს, პირადი განცხადების საფუძველზე დატოვონ სამსახური.

 

“გამგებლის მოადგილის განცხადებით, გამგებელმა მას პირადი შვებულების სანაცვლოდ სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადების დაწერა მოსთხოვა, ასევე, აიძულებდა თანამშრომლები სამსახურიდან დაეთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ყველა თანამშრომლის განთავისუფლებით იმუქრებოდა,”– ნათქვამია განცხადებაში.

 

არასამთავრობო თბილისის მერიას მოუწოდებენ, რომ დაუყოვნებლივ გაავრცელონ ინფორმაცია 2014 წლის ივლისიდან დღემდე თბილისის მერიისა და მის სტრუქტურაში შემავალი სამსახურებიდან გათავისუფლებულ პირთა სიის შესახებ, გათავისუფლების მოტივების მითითებით.

 

საჯარო მოხელეებს კი მოუწოდებენ, რომ მათზე ზეწოლის ან სხვა უკანონო ქმედებების  შემთხვევაში არ დაწერონ განცხადება სამსახურიდან გათავისუფლების მოთხოვნოთ და დაუკავშირდნენ მათი  ორგანიზაციების ოფისებს.

არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებასთან დაკავშირებით მერიაში კომენტარს ჯერჯერობით არ აკეთებენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი