ახალი ამბები

ხოკრიშვილი: ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იქნება შემაწუხებელი

12 სექტემბერი, 2014 •
ხოკრიშვილი: ჯარიმები გარემოს დაბინძურებისთვის იქნება შემაწუხებელი

“საქართველოს პრემიერ–მინისტრის დავალების შესაბამისად, ჩვენი სამინისტრო იწყებს ფართომასშტაბიან კამპანიას “ნუ დატოვებ ნარჩენებს – იზრუნე გარემოზე,” – ამბობს გარემოს დაცვის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი.

 

მინისტრის თქმით, კამპანიის ფარგლებში დაგეგმილია საგანმანათლებლო, შემეცნებითი და სხვა სახის აქტივობები.

 

პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ეს დავალება გარემოს დაცვის მინისტრს 5 სექტემბერს, მთავრობის სხდომაზე მისცა. ღარიბაშვილის თქმით, მოქალაქეები ანაგვიანებენ ისეთ ადგილებს, სადაც ამის გაკეთება არ შეიძლება.

 

გარემოს დაცვის მინისტრი ამბობს, რომ სამინისტრომ ჩაატარა კვლევა, მოამზადა ინტერაქტიური რუკა, სადაც დაბინძურების ლოკაციები და მასშტაბები არის დატანილი.

 

“ამ მხრივ ჩვენ ქვეყანაში არ გავქვს კარგი სიტუაცია,” – ამბობს ხოკრიშვილი. მისი განცხადებით, ამის გამომწვევი მიზეზი იყო ის, რომ დღემდე ნარჩენების მართვის კუთხით ერთანი საკანონმდებლო სისტემა არ არსებობდა.

 

ელგუჯა ხოკრიშვილი
ელგუჯა ხოკრიშვილი

გარემოს დაცვის სამინისტრომ დაასრულა საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე მუშაობა, რომელიც გარემოს დაბინძურების კუთხით კონტროლის გამკაცრებას ითვალისწინებს:

 

“შემოღებული იქნება საჯარიმო სანქციები, რომელიც იქნება შემაწუხებელი,” – თქვა გარემოს დაცვის მინისტრმა.

 

კანონპროექტის მიხედვით, 2 კილოგრამამდე მუნიციპალური (საყოფაცხოვრებო) ნარჩენების გარემოში დაყრა, გადაგდება ან მიტოვება გამოიწვევს დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, იგივე ქმედების შენობა–ნაგებობებიდან ჩადენა – 30 ლარის ოდენობით, ხოლო ავტოსატრანსპორტო საშუალებებიდან – 40 ლარის ოდენობით.

 

რაც შეეხება 1მ3–ზე მეტი ოდენობით მუნიციპალური ნარჩენების გარემოში დაყრას, აქ ჯარიმა ფიზიკური პირისთვის 200 ლარის, ხოლო იურიდიული პირისთვის – 1000 ლარის ოდენობით არის განსაზღვრული.

 

მინისტრის თქმით, მომავალ კვირას დაგეგმილია კანონპროექტის ბიზნესთან ერთად განხილვა, რის შემდეგაც ის უკვე საქართველოს პარლამენტს გადაეცემა დასამტკიცებლად.

გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ კანონპროექტი ასევე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირს შორის გაფორმებული ასოცირების ხელშეკრულების თვალსაზრისით.

მასალების გადაბეჭდვის წესი