ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ერევანში ირანელი ქალის სოლიდარობის აქციაზე ირანის საელჩომ პოლიცია გამოიძახა

19 მარტი, 2019 • 1859
ერევანში ირანელი ქალის სოლიდარობის აქციაზე ირანის საელჩომ პოლიცია გამოიძახა

უფლებადამცველები და აქტივისტები ერევანში, ირანის საელჩოსთან ირანელი უფლებადამცველის, ნასრინ სოთუდეს სოლიდარობის ნიშნად გამოვიდნენ.

აქტივისტები შეეცადნენ საელჩოში მიმართვის წერილი დაეტოვებინათ, თუმცა მის მისაღებად უწყებიდან არავინ გამოსულა, მოგვიანებით კი საელჩოს თანამშრომლებმა პოლიცია გამოიძახეს. მათი მტკიცებით, აქცია ხელს უშლის მათ მუშაობაში. ადგილზე მისულ პოლიციას, როგორც ნეტგაზეთს აქტივისტმა მარიამ მუგდუსიანმა განუცხადა, აქციის მონაწილეებისთვის პრობლემა არ შეუქმნია.

გავლენიან ირანელ ადამიანის უფლებათა დამცველს, ნასრინ სოთუდეს, თეირანის სასამართლომ 38-წლიანი პატიმრობა და 148 შოლტი მიუსაჯა – ამის შესახებ მისი ოჯახი იტყობინება. ამის მიუხედავად, ირანის სახელმწიფო მედია, სასამართლოზე დაყრდნობით, გაცილებით მცირე სასჯელის შესახებ იუწყება.

ნასრინ სოთუდეს მიმართ სოლიდარობის აქცია ირანის საელჩოსთან ერევანში: ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

ნასრინ სოთუდეს მიმართ სოლიდარობის აქცია ირანის საელჩოსთან ერევანში: ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

ნასრინ სოთუდეს მიმართ სოლიდარობის აქცია ირანის საელჩოსთან ერევანში: ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

ნასრინ სოთუდეს მიმართ სოლიდარობის აქცია ირანის საელჩოსთან ერევანში: ფოტო: მარიამ მუგდუსიანი/ნეტგაზეთი

ნასრინ სოთუდე, ცნობილი ირანელი უფლებადამცველი, სხვა ოპოზიციონერ აქტივისტებთან ერთად იმ ქალების უფლებებსაც იცავდა, რომლებიც ირანში სავალდებულო ჰიჯაბის ტარებაზე უარის თქმის გამო მისცეს პასუხისგებაში. ის ივნისში დააკავეს და ადვოკატის ცნობით, ბრალად დასდეს აგენტობა, პროპაგანდის გავრცელება და ირანის სულიერი ლიდერის, ალი ხამენეის შეურაცხყოფა.

უფლებადამცველი 2010 წელსაც იყო დაპატიმრებული. გამოძიება მაშინაც მსგავს ბრალდებებს უყენებდა, რომლებიც ეროვნული უსაფრთხოებისთვის საფრთხის შექმნასა და პროპაგანდის გავრცელებას გულისხმობდა. ნასრინ სოთუდე ბრალდებებს უარყოფდა. მაშინ უფლებადამცველს სასჯელის ნახევრის – 3 წლის მოხდა მოუწია.

სოთუდეს ოჯახის მიერ გავრცელებული ბოლო ცნობების შემდეგ, ირანს აკრიტიკებენ ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკომისია და ადამიანის უფლებათა დამცველი ორგანიზაციები.

“ნასრინ სოთუდემ თავისი ცხოვრება ქალთა უფლებების დაცვასა და სასიკვდილო განაჩენის წინააღმდეგ საუბარს მიუძღვნა. აბსოლუტურად აღმაშფოთებელია, რომ ირანის ოფიციალური პირები მას ადამიანის უფლებებზე მუშაობის გამო სჯიან”, – აცხადებს Amnesty International.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერი რობერტ პალადინო სოთუდეს გარშემო განვითარებულ მოვლენებს “ტვიტერით” გამოეხმაურა.

“ეს არის “სამართლიანობის ახალი ერა”, რომელშიც ხამენეი გვარწმუნებს?” – დაწერა მან.

მომხდარს გამოეხმაურა ევროკომისიის სპიკერიც, რომელმაც სასჯელის გადახედვა მოითხოვა და აღნიშნა, რომ თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ სოთუდეს განაჩენი “მის დაუსწრებლად” გამოაცხადა. ასევე, მისი თქმით, პროცესის დროს უფლებადამცველის სხვა არაერთი უფლება დაირღვა.

ნასრინ სოთუდე ერთ-ერთია იმ შვიდ ირანელ უფლებადამცველს შორის, რომლებიც ირანში გასული წლის განმავლობაში დააპატიმრეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი