დავით ნარმანიას გნცხადებით, საქმე ეხება თბილსის მერიასა და ლიბერთი ბანკს შორის 2010 წლის 26 აპრილს დადებულ ხელშეკრულებას საბანკო მომსახურების შესახებ. ნარმანიას განცხადებით, ლიბერთი ბანკი საბანკო მომსახურების გასაწევად მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის შედეგად შეირჩა. ხელშეკრულების მიხედვით, ბანკი მერიის ანგარიშებზე არსებულ მიმდინარე ნაშთებს სარგებელს არიცხავდა: 16,05 პროცენტს ლარებში, 11 პროცენტს აშშ დოლარში, 8 პროცენტს ევროში.

დედაქალაქის მერის განცხადებით, ეს პირობები შეიცვალა, როდესაც 2013 წლის 17 აპრილს გაფორმდა ახალი ხელშეკრუელბა მერიასა და ლიბერთი ბანკს შორის, რომლის მიხედვითაც, საპროცენტო სარგებლის დარიცხვა შემცირდა – 40 მილიონ ლარს ქვემოთ არსებულ თანხას ამჟამად ერიცხება 16,05 პროცენტი, ხოლო 40 მილიონ ლარზე ზემოთ არსებულ ნაშთს- 4 პროცენტი. დოლარსა და ევროში არსებულ ნაშთებს კი 2-2 პროცენტი ერიცხება.

 

დავით ნარმანიას განცხადებით, ამგვარმა ცვლილებამ გამოიწვია ის, რომ 2013 წლის 17 აპრილიდან 2014 წლის აგვისტომდე მერიას დააკლდა 10 მილიონ 500 ათასი ლარი. დავით ნარმანიას თქმით, შესაძლოა ადგილი ჰქონდეს მერიის მაღალაჩინოსნების მხრიდან კორუფციულ გარიგებას. მისი თქმით, ეს საკითხი პროკურატურამ უნდა შეისწავლოს.

 

“უნდა დადგინდეს, ვინ დაიწყო ახალი ხელშეკრულების ინიცირება, რატომ დათანხმდა მერია კომერციულ ბანკს [ახალ პირობებს]… მერიას შეეძლო ბანკთან გაეწყვიტა ხელშეკურლებ ადა გამოეცხადებინა ხელახალი კონკურსი”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

 

შეკითხვაზე, რომელი მაღალაჩინოსნებს გულისხმობს, მერი ამბობს, რომ ეს საგამოძიებო ორგანოებმა უნდა დაადგინონ, მაგრამ, როგორც წესი, ასეთი ტიპის ხელშეკრულებებს საფინანსო საქალაქო სამსახური ადგენდა. ნარმანიას განცხადებით, ხელშეკრულებაზე ყოფილი ვიცე-მერის, დავით ალავიძის ხელმოწერა ფიქსირდება.

 

აღნიშნული ხელშეკრულება მოქმედია.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *