ახალი ამბები

ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ 10 პირი დააკავა

11 სექტემბერი, 2014 •
ქურდული სამყაროს წევრობის ბრალდებით შსს-მ 10 პირი დააკავა

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულებს შორის არიან წარსულში ნარკოდანაშაულის ბრალდებით მრავალჯერ ნასამართლევი გიორგი კ, წარსულში ნარკოდანაშაულის და პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის ნასამართლევი გელა ქ, ლაშა ჩ, გელა გ, წარსულში დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობისთვის, ქურდობისთვის, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისთვის და ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანებისთვის ნასამართლევი დავით ქ, ვიტალი ბ, წარსულში ნარკოდანაშაულის და ქურდობისთვის ნასამართლევი გიორგი რ, წარსულში ყაჩაღობის, ქურდობის და ნარკოდანაშაულისთვის ნასამართლევი გელა ქ, ავაზი უ. და წარსულში იარაღის მართლსაწინააღმდეგო შენახვისთვის და ნარკოდანაშაულისთვის მრავალჯერ ნასამართლევი თენგიზ კ.

გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულები ქურდულ სამყაროს აღიარებენ, სხვადასხვა სარგებლის მიღების მიზნით, ქურდული კანონების შესაბამისად, სპეციალური წესების დაცვით მოქმედებდნენ და მიზანმიმართულად ცდილობდნენ ქურდული სამყაროს ინტერესების საზოგადოებაში დანერგვასა და განმტკიცებას.

გამოძიების ცნობით, დაკავებულები ქვეყნის გარეთ მყოფი კანონიერი ქურდების გავლენის ქვეშ იმყოფებოდნენ. ისინი ქურდული სამყაროს მაღალ იერარქიულ საფეხურზე მყოფი პირებისგან კონკრეტულ დავალებებს იღებდნენ და ასრულებდნენ.

შსს-ს ცნობით, დაკავებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღები, ხელყუმბარა და ნარკოტიკული საშუალებები ამოიღეს.

გამოძიება ქურდული სამყაროს წევრობის ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით).

შსს-ს ინფორმაციით, საქმეზე გამოძიება გრძელდება და სხვა დამნაშავე პირების დადგენა-დაკავების მიზნით მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებები.

მასალების გადაბეჭდვის წესი