ნეტგაზეთი | კავკასიაში ნარკოტრაფიკთან ბრძოლა აშშ-ის მხარდაჭერით კავკასიაში ნარკოტრაფიკთან ბრძოლა აშშ-ის მხარდაჭერით – Netgazeti
RU | GE  

კავკასიაში ნარკოტრაფიკთან ბრძოლა აშშ-ის მხარდაჭერით

11 სექტემბერს ერევანში, სომხეთში აშშ-ის საელჩოს და იუსტიციის დეპარტამენტის მხარდაჭერით, ნარკოტიკული საშუალებების უკანონო ბრუნვის საკითხებზე ორგანიზებული სამდღიანი რეგიონული კონფერენცია დაიწყო. 

ასეთი შეხვედრები მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ბოლო დროს სომხეთისა და ირანის, ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანის საზღვრებზე დიდი რაოდენობით ჰეროინი ამოიღეს. კონფერენციის მიზანია ნარკოტიკის უკანონო ბრუნვასთან ბრძოლაში საერთაშორისო ძალისხმევისთვის დახმარების გაწევა, ასევე, გამომძიებელთა, პროკურორთა და მოსამართლეთა პროფესიული უნარების ამაღლება.

 

პოლიციის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ბოლო დროს სომხეთში საგრძნობლად გაიზარდა ნარკოტიკის უკანონო ბრუნვის დარეგისტირებული შემთხვევები. მათი მონაცემებით, წლის პირველ ნახევარში გამოვლენილია 500-ზე მეტი შემთხვევა, რაც წინა წლის ამავე მონაკვეთის პერიოდს აღემატება [დაახლოებით, 400 შემთხვევა]. 200-მდე ადამიანი სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცა. 


სპეციალისტები ამბობენ, რომ სომხეთში ნარკოტიკი ძირითადად ირანიდან და თურქეთიდან ხვდება. არც ისე შორეულ წარსულში სომხეთის მესაზღვრეებმა ქვეყანაში ირანიდან უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის ნარკოტიკის [927ჯგ ჰეროინი] შემოტანის მცდელობა აღკვეთეს. ტვირთი მეგრის საბაჟო პუნქტზე, ტრანზიტით საქართველოში მომავალ სატვირთო მანქანაში იყო აღმოჩენილი.  


ისეთი პატარა ქვეყნისთვის, როგორც სომხეთია, ეს თემა სულ უფრო აქტუალური ხდება. 2014 წლის 1 იანვარს სომხეთში 5 ათასი ნარკომომხმარებელია ოფიციალურად დაფიქსირებული, თითქმის ათასით მეტი, ვიდრე წინა წელს. 

 

ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის საკითხებისადმი მიძღვნილი შემდეგი კონფერენცია თბილისში 15 და 16 სექტემბერს გაიმართება.


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.
 
   


ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
აშოტ გაზაზიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის