ჟურნალისტის შეკითხვაზე, მონაწილეობს თუ არა საქართველოს ყოფილი ელჩი აშშ-ში თემურ იაკობაშვილი პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ნიუ-ორკში, გაეროს სამიტის ფარგლებში ვიზიტის დაგეგმვაში, თეა წულუკიანმა უპასუხა: “მე როგორც მეუბნებიან, ეს მართლაც ასეა”. იუსტიციის მინისტრმა, ასევე, აღნიშნა, რომ ის არასდროს გააკეთებს იმას, რაც შეიძლება “ნაციონალურ მოძრაობას” ახარებდეს:
“მე ვიცი ერთადერთი, რომ მე პირადად არასდროს- ჩემი მინისტრად ყოფნისას, თუ სხვა პოზიციაზე ყოფნისას- როგორც წევრი “ქართული ოცნების” კოალიციის, არ გავაკეთებ იმას, რაც დააზიანებს ქვეყნის ინტერესს და არასდროს არ გავაკეთებ იმას, რაც შეიძლება ხელს უწყობდეს და ახარებდეს “ნაციონალურ მოძრაობას”, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.
საქართველოს ყოფილმა პრემიერმა, ამჟამად კი “მოქალაქის” ხელმძღვანელმა ბიძინა ივანიშვილმა “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და აღნიშნა, რომ იგი კონკურენციაშია მთავრობასთან. ამასთან, ივანიშვილის შეფასებით, მთავრობა და მისი მეთაური ირაკლი ღარიბაშვილი ეფექტურად მუშაობს.






