ახალი ამბები

პროკურატურის განმარტება დიდი ოდენობის პრემიებსა და ხარჯებზე

10 სექტემბერი, 2014 •
პროკურატურის განმარტება დიდი ოდენობის პრემიებსა და ხარჯებზე

“უპირველეს ყოვლისა გვინდა განვმარტოთ, რომ საქართველოს მოქმედი მთავარი პროკურორი გიორგი ბადაშვილი თანამდებობაზე დაინიშნა 2014 წლის 21 იანვარს. აღნიშნული პერიოდიდან დღემდე, საქართველოს პროკურატურის მიერ არ ყოფილა ავტომანქანის ან კომპიუტერული ტექნიკის, ან სხვა მატერიალური ფასეულობის ჩანაცვლების არც ერთი შემთხვევა. IDFI-ის ინფორმაციაში მითითებული RENAULT CLIO 124 118 ჩანაცვლება TOYOTA LAND CRUISER 200-ით განხორციელდა 10.07.2013 წელს. ასევე, კომპიუტერის კომპლექტის Pentium 4-ის ჩანაცვლება iMac i5-ით განხორციელდა 29.01.2013 წელს.

მიმდინარე წლის პირველ 6 თვეში საქართველოს პროკურატურამ ტენდერით შეისყიდა მხოლოდ  5 ახალი ავტომანქანა SUZUKI SX4 საბაზო მოდელი (გამოშვების წელი 2013, ძრავის მოცულობა 1,6), ერთეულის ფასი შეადგენს 30344 ლარს. აღნიშნული შესყიდვა განხორციელდა საქართველოს მთავრობის მიერ ავტომანქანების სახელმწიფო შესყიდვაზე 2014 წელს დაწესებული ახალი რეგულაციების შესაბამისად”, – ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

 

უწყება ასევე ეხმაურება პროკურატურის სისტემაში გაცემული დიდი ოდენობით პრემიებს შესახებ ინფორმაციას და აცხადებს:

“როგორც IDFI-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში არის მითითებული, 2014 წლის 1 იანვრიდან 2014 წლის 4 ივლისამდე თანამდებობის პირებზე დარიცხულმა პრემიის თანხამ შეადგინა 852 731 ლარი, სხვა დანარჩენ თანამშრომლებზე კი 3 114 115 ლარი, სულ 3 966 846 ლარი.

აქვე გვინდა განვმარტოთ, რომ დღევანდელი მდგომარეობით საქართველოს პროკურატურაში მუშაობს სულ 827 მუშაკი, მათ შორის – 50 თანამდებობის პირი, 392 პროკურორი, 84 გამომძიებელი, 18 სტაჟიორი, 283 სპეციალისტი, მრჩეველი და დამხმარე მოსამსახურე.

„საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ტერმინში „თანამდებობის პირი“ იგულისხმება შემდეგი პირები: საქართველოს მთავარი პროკურორი და მისი მოადგილე, მთავარი პროკურატურის დეპარტამენტებისა და სამსახურების ხელმძღვანელები და მათთან გათანაბრებული პირები, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების, ქ.თბილისის, საოლქო და რაიონული პროკურორები.

ხაზი გვინდა გავუსვათ, რომ 2008 წლიდან მოყოლებული საქართველოს პროკურატურის თანამდებობის პირებს პრემიის ოდენობა არ გაზრდიათ. 2014 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით საშუალო დარიცხული თვიური პრემიის ოდენობა საქართველოს პროკურატურაში თანამდებობის პირზე შეადგენს დაახლოებით 2842 ლარს. ხსენებულ პერიოდში თანამდებობის პირზე თვიურად დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია შეადგენს 7530 ლარს”, – აცხადებენ პროკურატურაში და დასძენენ, რომ ზრდა შეეხო საქართველოს პროკურატურის რიგითი თანამშრომლებისთვის დარიცხული პრემიის საერთო ოდენობას, “რაც უპირველეს ყოვლისა განპირობებულია 2014 წელს პროკურატურის მუშაკთა რაოდენობის ზრდით”.

“კერძოდ, 2013 წლის პირველი იანვრის მდგომარეობით, 2014 წელთან შედარებით პროკურატურაში დასაქმებული იყო 106 ერთეულით ნაკლები თანამშრომელი, ხოლო 2012 წლის მდგომარეობით, 163 ერთეულით ნაკლები თანამშრომელი. თანამშრომელთა ზრდა განაპირობა პროკურორთა სამუშაო დატვირთვის მატებამ, რაც გამოიწვია მიმდინარე საქმეებთან ერთად, ათასობით მოქალაქეთა საჩივრებმა ყოფილი ხელისუფლების სხვადასხვა თანამდებობის პირის მიერ შესაძლო დანაშაულების ჩადენის ფაქტებზე და აღნიშნულ ფაქტებზე წარმოებულმა არაერთმა რეზონანსულმა გამოძიებამ. 2014 წლის პირველი 6 თვის მდგომარეობით, საშუალო დარიცხული თვიური პრემიის ოდენობა საქართველოს პროკურატურაში რიგით თანამშრომლებზე (პროკურორი, გამომძიებელი, სტაჟიორი) შეადგენს დაახლოებით 1050 ლარს.  ხსენებულ პერიოდში რიგით თანამშრომელზე თვიურად დარიცხული ყველაზე მაღალი ერთჯერადი პრემია შეადგენს 5215 ლარს.

ჩვენს მიერ მოყვანილი მაგალითები ყველაზე მაღალი ოდენობის პრემიების დარიცხვის შემთხვევებზე წარმოადგენს საგამონაკლისო შემთხვევებს და გაიცემა მხოლოდ პროკურატურის თანამშრომლების მიერ პროფესიულ საქმიანობაში გამოვლენილი განსაკუთრებული მიღწევებისთვის. ასევე გვინდა განვმარტოთ, რომ პროკურატურის მუშაკის ხელფასი არ გაზრდილა 2007 წლის შემდგომ”.

რაც შეეხება პროკურატურის თანამშრომლების პრემირების მოტივაციას, უწყება აცხადებს, რომ “საქართველოს პროკურატურის თითოეული მუშაკი ყოველდღიურად მუშაობს 24-საათიან რეჟიმში შაბათ-კვირის ჩათვლით, წარმოებაში აქვთ ათეულობით სისხლის სამართლის საქმე და რა თქმა უნდა, წახალისება პირდაპირ კავშირშია მათ მიერ გაწეულ შრომასთან.”

“ამავდროულად, თითოეული პროკურორის საქმიანობა დაკავშირებულია სიცოცხლისთვის მომეტებულ საფრთხესთან, ვინაიდან პროკურატურის ძირითად დანიშნულებას წარმოადგენს დანაშაულებრივ სამყაროსთან და დანაშაულთან ბრძოლა, ბოლო პერიოდშიც ხშირად ყოფილა პროკურორებისა და გამომძიებლების მიმართ სხვადასხვა მუქარის განხორციელების ფაქტები.

მაგალითისთვის საზოგადოებას შევახსენებთ აჭარაში მომხდარ ფაქტს, რა დროსაც ცეცხლი წაუკიდეს პროკურორის ავტომანქანას. მიუხედავად ამისა, პროკურატურის თანამშრომლები აგრძელებენ საქმიანობას და დგანან საზოგადოების უსაფრთხოების სამსახურში. ასევე, ისიც არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პროკურატურის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე არსებობს კორუფციის გავრცელების მაღალი რისკი, რისი მწარე გამოცდილებაც ქვეყანას ჰქონდა წარსულში, შესაბამისად მიგვაჩნია, რომ პროკურატურის თანამშრომლების პრემირება აუცილებელ პირობას წარმოადგენს პროკურატურის წინაშე არსებული ამოცანების შესასრულებლად, რაც სახელმწიფოსა და საზოგადოების უსაფრთხოების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილია”, – აცხადებს პროკურატურა.


2013 წელს პროკურატურის სისტემაში სულ გაიცა – 5 900 857 ლარის ოდენობის პრემია, ხოლო 2014 წლის პირველი 6 თვეში სულ გაიცა – 3 966 846 ლარის ოდენობის პრემია. ამ ცნობას ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI) აქვეყნებს პროკურტურიდან მიღებულ საჯარო ინფორმაციაზე დაყრდნობით. IDFI განმარტავს, რომ პროკურატურამ მოთხოვნილი ინფორმაცია მათ სრულად არ მაიწოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი