ახალი ამბებისაზოგადოებასამხრეთ კავკასიის ამბები

ზურაბიშვილი გარეგინ II-ს აფხაზეთში სომხური ეკლესიების მფარველობას სთხოვს

15 მარტი, 2019 • 2667
ზურაბიშვილი გარეგინ II-ს აფხაზეთში სომხური ეკლესიების მფარველობას სთხოვს

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც სომხეთის რესპუბლიკაში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, სომხური ეკლესიის მეთაურ,ს გარეგინ II-ს შეხვდა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სომხური ეკლესიის მეთაურმა საქართველოს პრეზიდენტთან შეხვედრისას საქართველოში არსებული ისტორიული ძეგლების შესახებ ისაუბრა.

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველო პასუხისმგებელია მის ტერიტორიაზე არსებული ძეგლების აღდგენაზე.

“ეს უნდა გაკეთდეს ნაბიჯ-ნაბიჯ, რადგან ყველა ეკლესიის აღდგენა ერთდროულად ვერ მოხერხდება. ჩვენ შეგვიძლია მეცნიერულად შევისწავლოთ თითოეული ეკლესია, რომელიც მიგაჩნიათ საჭიროდ, რადგან ეს არის  საკითხის ერთადერთი გადაწყვეტა. კონკრეტული ტაძრების წარმომავლობის იდენტიფიკაციის მიზნით საჭიროა არქეოლოგების ჯგუფების ჩართვა”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობითვე, ხანგრძლივი საუბარი შედგა აფხაზეთის შესახებ.

გარეგინ II -ის განცხადებით, აფხაზეთი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის კანონიკური ტერიტორია, რაც წერილობითი ფორმით არის დადასტურებული.

“საქართველოს პრეზიდენტმა  სომხური ეკლესიის მეთაურთან დააფიქსირა მისი პოზიცია აფხაზეთში მდებარე სომხური ეკლესიის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის სამხრეთ რუსეთის ეპარქიისთვის დაქვემდებარებასთან დაკავშირებით.

ეს გადაწყვეტილება აღიქმება სომხეთის სამოციქულო ეკლესიის მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღიარების დარღვევად და მოსთხოვა კათოლიკოსს გადაწყვეტილების დროულად შეცვლა და აღნიშნული ეკლესიის და სამრევლოს წინამძღვრის  სომხეთის ეკლესიის საქართველოს ეპარქიის იურისდიქციის ქვეშ დაქვემდებარება, როგორც ეს ისტორიულად იყო”, – წერია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სომხური ეკლესიის მეთაურის განცხადებით კი, ,,ამ დროებითი ზომის მიუხედავად, სომხეთის სამოციქულო ეკლესია აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებულ სომხურ სამრევლოებს აღიარებს სომხური ეკლესიის საქართველოს ეპარქიის დაქვემდებარებაში”.

“პრეზიდენტი ამ განცხადებას მიესალმა და აღნიშნა, რომ დროებით ზომას შეთანხმებული გამოსავალი უნდა მოეძებნოს”.

ამასთან, ზურაბიშვილმა სომხეთის ეკლესიის მეთაურს საქართველოს პატრიარქის თხოვნა გადასცა:

“საკითხი, რომელიც უნდა გადმოგცეთ პატრიარქისგან, ეხება სომხურ ეკლესიებს აფხაზეთში, ეს არის არსებული ეკლესიები და ახალი აშენებული ეკლესიები, რომლებიც ექვემდებარებიან მეტროპოლიტს რუსეთში. პატრიარქის სიტყვებია, რომ ეს არის ძალიან დიდი გულისტკივილი, რომ არ დაირღვეს სწორედ ჩვენი სუვერენიტეტი ჩვენს ტერიტორიაზე, უფრო სასურველი იქნება, რომ დაექვემდებარონ საქართველოს ეპარქიას, ან თუნდაც თქვენ, თქვენო უწმინდესობავ”,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი