ახალი ამბები

მიგაჩნიათ, რომ პომპეო და მისი გუნდი ჭორებზე დაყრდნობით საუბრობს? – ხოშტარიას კითხვა ზალკალიანს

14 მარტი, 2019 • 1236
მიგაჩნიათ, რომ პომპეო და მისი გუნდი ჭორებზე დაყრდნობით საუბრობს? – ხოშტარიას კითხვა ზალკალიანს

“თქვენც მიგაჩნიათ, რომ პომპეო და მისი გუნდი ანგარშში ჭორებზე დაყრდნობით საუბრობს?” – ჰკითხა ელენე ხოშტარიამ დავით ზალკალიანს, რომელმაც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შეფასებისას თქვა, რომ ეს დოკუმენტი NGO-ებისა და ოპოზიციის შეფასებების კომპილაციაა.

ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სწორედ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის შესახებ გაკეთებული კომენტარისთვის გააკრიტიკა და მოუწოდა, სამომავლოდ შეეკავებინა თავი მსგავსი განცხადებებისგან.

“მესმის, როდესაც პარტია ვარდება ცუდ მდგომარეობაში, როდესაც ასეთ კრიტიკულ შეფასებას მიიღებს და მეთოფიშვილის მსგავსი ადამიანები, ვინც ფაშისტებს და კაპიტნებს ეძახიან NGO-ებს, ისინი რომ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდებიან… თუნდაც პარლამენტის წევრები, რომლებიც იტყვიან, რომ ანგარიშში არაფერი ისეთი მნიშვნელოვანი არ არის, რომ რაღაცნაირად მოერიდონ ამ უსიამოვნებას, ეს მესმის… მაგრამ, გულწრფელად გეტყვით, ჩემი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც არ არის უბრალოდ ქართული ოცნების საგარეო საქმეთა მინისტრი, როდესაც ასეთ განცხადებას აკეთებს, რომ “ეს რაღაც NGO-ების აზრების კომპილაციაა”, უბრალოდ უხერხულია, მათ შორის, საგარეო პოლიტიკაში და იმ ურთიერთობაში, რომელიც ჩვენ ყველას გვაქვს ამერიკელ პარტნიორებთან,” – განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

დავით ზალკალიანმა კი საპასუხოდ განაცხადა, რომ ელენე ხოშტარია მისი მოსაზრებების არასწორ ინტერპრეტაციას ახდენს. საგარეო საქმეთა მინისტრის მიიჩნევს, რომ წინა განცხადებით არ დაუკნინებია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში და მათ რეკომენდაციებს საქართველო ითვალისწინებს და კვლავ გაითვალისწინებს.

ელენე ხოშტარია ამბობს, რომ მისი თვითმიზანი არ არის დავით ზალკალიანის გამოჭერა. მისი თქმით, საუბარია იმის შესახებ, რომ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი სამომავლოდ მაინც დაფიქრდეს და არ დაემორჩილოს პარტიულ წნეხს ისეთ საკითხებში, რომლებიც მთელ ქვეყანას მოუტანს ზიანს.

იხილეთ ვიდეო:

დღეს, 14 მარტს, დავით ზალკალიანმა განაცხადა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის კრიტიკული ანგარიში წარმოადგენს არა აშშ-ის შეფასებას საქართველოსადმი, არამედ არასამთავრობო ორგანიზაციებიდან და პოლიტიკური პარტიებიდან მიღებული შეფასებების კომპილაციას.

“ჩვენთვის ამერიკელი პარტნიორების რეკომენდაციები არის გასათვალისწინებელი და ყოველთვის ვითვალისწინებთ, მაგრამ მინდა თქვენი ყურადღება მივაქციო, რომ ეს არის ანგარიში, რომელშიც არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან. ეს არის ანგარიში, რომელშიც არის წარმოდგენილი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების შეფასებების კომპილაცია. გულდასმით გთხოვთ, წაიკითხოთ ეს ანგარიში, სადაც ჩვენ არ გვაქვს შეფასება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში, რომელიც 13 მარტს გამოქვეყნდა, კრიტიკულად არის შეფასებული საქართველოს შესახებ სხვადასხვა საკითხი, მათ შორის, მაჩალიკაშვილი-სარალიძის, აფგან მუხთარლის, არჩილ ტატუნაშვილის საქმეები; ასევე, საუბარია სასამართლოზე ზეწოლაზე, პლურალიზმის შემცირებაზე, ელიტურ კორუფციაზე და სხვა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში მიმოიხილავს 2018 წლის მდგომარეობას მსოფლიოში. ოფიციალურ ვებ-გვერდზე მითითებულია, რომ სახელმწიფო დეპარტამენტმა აღნიშნული ანგარიში მოამზადა საზღვარგარეთ აშშ-ის საელჩოებისა და საკონსულოების, უცხო ქვეყნის სახელმწიფო თანამდებობის პირების, არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების, იურისტების და სამართლის ექსპერტების, ჟურნალისტების ინფორმაციებზე და გამოქვეყნებულ ანგარიშებზე დაყრდნობით. თითოეული ქვეყნის თავდაპირველი სამუშაო ვერსია შესაბამის ქვეყანაში აშშ-ის დიპლომატიურ მისიებში მომზადდა. ანგარიშმა დასრულებული სახე მიიღო მას შემდეგ, რაც სახელმწიფო დეპარტამენტის დემოკრატიის, ადამიანის უფლებების და შრომის ბიუროს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის სხვა სამსახურებთან თანამშრომლობით, დარედაქტირდა.

ამავე თემაზე:

მაღალი ფასები ინტერნეტზე, ზეწოლა შავი ზღვის უნივერსიტეტზე — აშშ-ის ანგარიში

მასალების გადაბეჭდვის წესი