ახალი ამბები

ღარიბაშვილი: საპოლიციო კონტროლი ევროპაში აპრობირებულია

9 სექტემბერი, 2014 •
ღარიბაშვილი: საპოლიციო კონტროლი ევროპაში აპრობირებულია

” პოლიტიკური ოპონენტების მიერ დანერგილი ტერმინი”რეიდი” არის  მიზანმიართული იმისათვის, რომ ჩვენს მოქალაქეებს ბნელ წარსულთან ნეგატიური ასოცირება გაუჩინონ. ეს არის ჩვეულებრივი ევროპაში აპრობირებული საპოლიციო კონტროლი, პრევენციული ღონისძიებები, რომლის გატარების სრული უფლება აქვს პოლიციას, მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო მთლიანად შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს და მის ხელმძღვანელობას ზოგადად, იმისთვის, რომ ძალიან ეფექტურად ახორციელებენ ამ ღონისძიებებს. მე მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო პოლიციელებს, რომ მაქსიმალურად გაამკაცრონ კონტროლი, მათ აქვთ ამის კანონით მინიჭებული სრული უფლება და ის ისტერიკა, რაც ბოლო დღეებში გვესმოდა, რა თქმა უნდა, მიზანმიმართული იყო პირადად მინისტრის და სამინისტროს დისკრედიტაციისკენ. სიტუაცია არის აბსოლუტურად კონტროლის ქვეშ და არავითარი გაუარესება არ ყოფილა. პირიქით, გვაქვს საგრძნობი კლება და ის ღონისძიებები, რაც ახლა ხდება, მიზანმიმართულია იმისკენ, რომ მეტი წესრიგი და დისციპლინა იყოს ქუჩებში. პოლიციელებს აქვთ სრული უფლება, რომ ნებისმიერ კანონდარღვევაზე  მაქსიმალურად მკაცრი რეაგირება მოახდინონ. მინდა კიდევ ერთხელ განვაცხადო, რომ ჩვენ კრიმინალთან ბრძოლაში ვართ უკომპრომისო და არავითარი დათმობა არ იქნება”,- განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

 

პოლიციური კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 სექტქმბერს განაახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ. პოლიციის შესახებ კანონის 22- ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება  პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც. რაც შეეხება კანონის 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი  საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამგვარი პრევენციული ღონისძიების ჩატარება, შსს-ში არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ მუხლების მითითება შეუძლიათ, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეების შემოწმება ხდება. საგამოძიებო უწყებაში არც ამგვარი ღონისძიებების გატარების სავარაუდო ვადას აკონკრეტებენ და არც იმას, მხოლოდ თბილისში ტარდება პრევენციული ღონისძიებები, თუ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.

მასალების გადაბეჭდვის წესი