“საერთო რაოდენობა კანდიდატების იყო მცირე. თბილისში, სადაც დაახლოებით 200 სკოლაა, სულ 340 კანდიდატი იყო დარეგისტრირებული. ამ კანდიდატებს შერჩეული ჰქონდათ სამი სკოლა და, შესაბამისად, ვერაფრით დაწყვილდებოდა ისე, რომ ყველა სკოლაში მეტი კანდიდატი ყოფილიყო. მიზანი არ ყოფილა ერთი კანდიდატი წასულიყო სკოლაში, ასე დალაგდა სქემატურად, რაოდენობიდან გამომდინარე. იყო სკოლები, სადაც მოხვდა ერთზე მეტი კანდიდატი, იყო სკოლები, სადაც ვერ მოხვდა,”- განუცხადა თამარ სანიკიძემ ნეტგაზეთს დღეს, 9 სექტემბერს სასტურმო “ჰოლიდეი ინში”, სადაც განათლების მინისტრი და უწყების სხვა წარმომადგენლები პედაგოგებს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ახალი სქემის საკითხებზე შეხვდნენ.
საჯარო სკოლების უმეტეს ნაწილში განათლების სამინისტრომ სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად დირექტორობის მხოლოდ ერთი კანდიდატი წარუდგინა.
განათლების სამინისტროს მიერ მოწოდებული ინფორმაციით, თბილისში 1 კანდიდატი იყო წარდგენილი 94 საჯარო სკოლაში, 2 კანდიდატი -51 სკოლაში, 3 კანდიდატი – 11 სკოლაში, 4 კანდიდატი – 2 სკოლაში და 6 კანდიდატი – 1 სკოლაში. ქუთაისში 1 კანდიდატი იყო წარდგენილი 30 სკოლაში, 2 კანდიდატი – 4 სკოლაში და 3 კანდიდატი -1 სკოლაში; ბათუმში 1 კანდიდატი -17 სკოლაში, 2 კანდიდატი – 5 სკოლაში; რუსთავში – 1 კანდიდატი -18 სკოლაში, 2 კანდიდატი -7, 3 კანდიდატი -1 სკოლაში, და ფოთში- 1 კანდიდატი -3 სკოლაში და 2- 4 სკოლაში.





