“სტაჟირების პროგრამა სტუდენტებს შესაძლებლობას აძლევს, მიიღონ საჯარო მოხელისთვის აუცილებელი პროფესიული გამოცდილება და საჯარო უწყებების მუშაობის პრინციპებს გაეცნონ. პრემიერის ინიციატივის მიზანია, სტუდენტებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და გაუმჯობესების საშუალება მიეცეთ. საჯარო უწყებებში სტუდენტების სტაჟირება მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ახალგაზრდებისთვის დასაქმების თანაბარი შესაძლებლობების შექმნას“, – აღნიშნა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ ნინო კობახიძემ.
საჯარო უწყებებში სტაჟირების პროგრამა უნივერსიტეტებთან თანამშრომლობით ხორციელდება. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციას, საჯარო სამსახურის ბიუროსა და 28 აკრედიტებულ უნივერსიტეტს შორის პროგრამის ფარგლებში გაფორმდა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი.
სტაჟირების პროგრამაში ჩართვა შეუძლიათ ბაკალავრიატის დამამთავრებელი კურსის, მაგისტრატურისა და დოქტურანტურის სტუდენტებს, რომელთაც მაღალი აკადემიური მოსწრება აქვთ, რაც დასტურდება GPA-თ (მინიმუმ 3.0) შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში GPA-ს გამოთვლის წესის არსებობის შემთხვევაში) ან საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში მიღებული შეფასებების საშუალო არითმეტიკულით (მინიმუმ (B) ძალიან კარგი 81-90%); სტაჟირების გავლის შესაძლებლობა აქვთ, აგრეთვე, იმ კურსდამთავრებულებსაც, რომლებიც აკმაყოფილებენ აღნიშნული მაღალი აკადემიური მოსწრების მოთხოვნებს და მათი სწავლის დასრულებიდან გასული არ არის ორ წელზე მეტი.
საჯარო სამსახურის ბიუროს ხელმძღვანელის, ეკა ქარდავას თქმით, სტუდენტები სტაჟირებას თავიანთი სპეციალობის შესაბამის სტრუქტურებში გაივლიან. სტაჟიორთა მიღების მიზნით საჯარო დაწესებულება წელიწადში ორჯერ განსაზღვრავს სტაჟიორთა სავალდებულო კვოტას, რომელიც უნდა შეადგენდეს, სულ მცირე, დაწესებულების შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე ფაქტობრივად დასაქმებულ თანამშრომელთა რაოდენობის 10%-ს.
“სტაჟირება ერთჯერადია, რათა რაც შეიძლება მეტმა სტუდენტმა თუ კურსდამთავრებულმა ისარგებლოს პრაქტიკული გამოცდილების მიღების შესაძლებლობით. თუ კურსდამთავრებული საკუთარი საგანმანათლებლო პროფილის შესაბამისი სტაჟირების ყველა ვაკანტური ადგილის ამოწურვის გამო ვერ მოხვდება სასურველ უწყებაში, ის ჩაირიცხება რეზერვში და სტაჟირების მომდევნო ნაკადის ფორმირებისას ავტომატურად განაწილდება მის მიერ არჩეულ საჯარო დაწესებულებაში”,-ნათქვამია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.





