“რა თქმა უნდა, არასასიამოვნო ფაქტია… ასეთი რადიკალური გადაწყვეტილებები მხოლოდ და მხოლოდ ცენტრიდან, პოლიტსაბჭოდან მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებების საფუძველზე უნდა ხდებოდეს და ნებისმიერი პირი, რომელიც არის პარტიის წევრი, რა თანამდებობაზეც არ უნდა იყოს, ცხადია, კოორდინირებულად და შეთანხმებულად უნდა იღებდეს გადაწყვეტილებებს. ამიტომ, ვფიქრობ, რომ ეს საკითხი ნამდვილად იქნება უახლოესი პოლიტსაბჭოს მსჯელობის საგანი, სადაც გარკვეულ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – განაცხადა კობახიძემ.
8 სექტემბერს, აჭარის უმაღლესი საბჭოს ფრაქცია „ქართულმა ოცნებამ“ აჭარის მთავრობას უნდობლობა გამოუცხადა. უმაღლესი საბჭო მთავრობის გადადგომის მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. ინიციატივა უმაღლესი საბჭოს წევრს, საფინანსო და საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარეს, ალექსანდრე ჩიტიშვილს ეკუთვნის. ის დღეიდან უმაღლეს საბჭოში ხელმოწერების შეგროვებას იწყებს. აჭარის მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების საკითხს მხარი შემდეგმა დეპუტატებმა დაუჭირეს: ფრაქციის თავმჯდომარე აკაკი ძნელაძე, ფრაქციის მდივანი სვეტლანა კუდბა, ფრაქციის წევრები – ავთანდილ ბერიძე, ალექსანდრე ჩიტიშვილი, მედეა ვასაძე, ჯემალ ფუტკარაძე და მერაბ აბაშიძე.
უმაღლესი საბჭოს ფრაქციის გადაწყვეტილებას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველო” იმავე საღამოს გამოეხმაურა და პარტიის წევრები “თვითნებურად გადაწყვეტილების მიღებაში” დაადანაშაულა. 14 სექტემბერს პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომაა დანიშნული, რომელზეც ის დეპუტატები არიან დაბარებული, რომლებმაც ხაბაძეს გამოუცხადეს უნდობლობა.
