ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს კვარაცხელიას ცხედარი გადმოსცეს

13 მარტი, 2019 • 855
ენგურის ხიდზე ქართულ მხარეს კვარაცხელიას ცხედარი გადმოსცეს

ენგურის ხიდზე გალის რაიონში გარდაცვლილი საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარი ქართული მხარეს გადმოსცეს.

ცხედრის გადმოცემის პროცესს ქართულ მხარეს შერიგების მინისტრის მოადგილე, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

ცხედრის გადმოცემის დროს, როგორც შერიგების მინისტრმა მოგვიანებით განაცხადა, “გაზიარებული იქნა გარკვეული დოკუმენტაცია და მასალები”, რომლის შინაარსზეც ქართული მხარე ჯერ ვერ საუბრობს.

აფხაზური მხარის ცნობით,  საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს უკვე ჩაუტარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა.

“სასამართლო ექსპერტიზის ბიურომ ჩაატარა ცხედრის ექსპერტიზა, რომელმაც დაადასტურა, რომ გარდაცვალების მიზეზი არ იყო ძალადობრივი ხასიათის”, –  ნათქვამია აფხაზეთის დე ფაქტო უსაფრთხოების სამსახურის განცხადებაში.

აფხაზური მხარის ინფორმაციით, 1990 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელია “აფხაზეთის რესპუბლიკის საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით 2019 წლის 10 მარტს დააკავეს და დოკუმენტების პროცესუალური შედგენის მიზნით განყოფილებაში გადაიყვანეს, სადაც ოთახში მარტო ყოფნის დროს სუიციდის ფაქტი მოხდა, სამედიცინო პერსონალმა კი მისი გადარჩენა ვერ შეძლო”.

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის  12 მარტის (სუსი) ინფორმაციით, უწყებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში მოქმედი ცხელი ხაზით მიიღო ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც გალში თავი მოიკლა საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი