ნეტგაზეთი | მთიანი ყარაბაღის აღიარების პროცესი 23 წლის შემდეგ მთიანი ყარაბაღის აღიარების პროცესი 23 წლის შემდეგ – Netgazeti
RU | GE  

მთიანი ყარაბაღის აღიარების პროცესი 23 წლის შემდეგ

2 სექტემბერს სტეპანაკერტში მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის 23 წლისთავი აღნიშნეს. მანამდე კი აშშ-ის კალიფორნიის შტატის სენატმა ყარაბაღის დამოუკიდებლობის მხარდამჭერი რეზოლუცია მიიღო. თუმცა სტეპანაკერტში დღემდე განხილვის მთავარ თემად რჩება ივლისის ბოლოს და აგვისტოს დასაწყისში აზერბაიჯანთან გამყოფ ხაზზე განვითარებული მოვლენები, რასაც კონფლიქტის მხარეებს შორის მსხვერპლი მოჰყვა.

ყარაბაღში, საზოგადოების სხვადასხვა წრეში ცდილობენ გაიგონ, ვინ იყო ერთი თვის წინ გამყოფ ხაზზე დაძაბულობის “ავტორი”, ვის აწყობდა ეს და რატომ შეიცვალა ასე უცებ სიტუაცია? ამ კუთხით ყველაზე ხშირად რუსეთის მთავრობას ახსენებენ. დაძაბულობის “ინიციატორის” როლში ბევრი სწორედ რუსეთს ხედავს. არიან ისეთებიც, რომლებიც რუსეთის ფედერაციას უკავშირებენ დაძაბულობის განმუხტვას, თუმცა ძალიან ცოტა რაოდენობით, რადგან ადგილობრივი საზოგადოება სრულად ენდობა ყარაბაღის არმიას. ისინი დარწმუნებული არიან, რომ სწორედ ჯარისკაცების ადეკვატური პასუხი გახდა აზერბაიჯანის “დუმილის” მიზეზი.

 

რუსეთისთვის დიდი როლის მინიჭებას უფრო ყარაბაღის საზღვრებს გარეთ ცდილობენ. სწორედ ამ ქვეყნის ინიციატივით გაიმართა 10 აგვისტოს სოჭში სამმხრივი შეხვედრა რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს შორის, რომლის ფარგლებშიც განიხილებოდა საზღვარზე გამწვავებული ვითარება და ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირების პრობლემა. იმის მიუხედავად, რომ ძალიან ბევრი ცდილობს დააკავშიროს დაძაბულობის განმუხტვა ამ შეხვედრასთან, ფაქტები სხვა რამეს მოწმობს, რადგან ფრონტის წინა ხაზზე დაძაბულობა ჯერ კიდევ პრეზიდენტების შეხვედრამდე, უკვე 5 აგვისტოს შემცირდა.

 

ამის თაობაზე ზემოთ აღნიშნული შეხვედრიდან რამდენიმე დღის შემდეგ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრმა, არმიის მეთაურმა მოვსეს აკოფიანმაც განაცხადა, როდესაც ისაუბრა მოწინააღმდეგის მიერ დივერსიულ-სადაზვერვო შემოჭრის და გამყოფ ხაზთან სამხედრო ტექნიკის მობილიზების საკითხებზე. მან აღნიშნა, რომ აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები ცდილობდნენ ვითარების დესტაბილიზაციას და ფსიქოლოგიური ზეწოლის განხორციელებას სომეხ ჯარისკაცებზე.

მოვსეს აკოფიანი
მოვსეს აკოფიანი

 

“აზერბაიჯანს უბრალოდ სურდა შანტაჟის საშუალებით, ვირტუალურად შევეშინებინეთ, როდესაც წინ წამოწია თავისი ტექნიკა, რითაც მიანიშნა, რომ ომის დაწყებას აპირებდა. თუმცა ამან შედეგი ვერ გამოიღო, რადგან ეს შანტაჟი დიდხანს არ გაგრძელებულა: ჩვენი მოქმედებების შედეგად მოწინააღმდეგემ 5 აგვისტოს უკან დაიხია”, – თქვა მან.

 

მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის კარენ მირზოიანის აზრით, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარსა და ყარაბაღი-აზერბაიჯანის გამყოფ ხაზზე დაძაბული ვითარების ფონზე რუსეთის, სომხეთის და აზერბაიჯანის პრეზიდენტების შეხვედრა უკვე არის პოზიტიური ნაბიჯი, რამაც შესაძლოა ხელი შეუწყოს კონფლიქტის ზონაში სიტუაციის სტაბილიზაციას.

 

“რუსეთის ინიციატივა, როგორც ეუთოს მინსკის ჯგუფის ერთ-ერთი თანათავმჯდომარე ქვეყნისა, გახდა სიგნალი იმისა, რომ ყარაბაღი-აზერბაიჯანის კონფლიქტის მშვიდობიან გადაწყვეტას ალტერნატივა არა აქვს და ნებისმიერი ნაბიჯი სამშვიდობო ძალისხმევის წინააღმდეგ დაუშვებელია. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს სიგნალი მივიდეს აზერბაიჯანის მთავრობამდე, რომელიც შეხვედრამდე ბოლო წუთებშიც კი იმუქრებოდა საომარი მოქმედებების განახლებით”. მირზოიანმა, ასევე, გამოთქვა იმედი: “აზერბაიჯანის მხრიდან რიტორიკის ცვლილების გათვალისწინებით, ყოველ შემთხვევაში, შეხვედრის საჯარო ნაწილის მიხედვით, ვიმედოვნებთ, რომ მსგავსი განწყობა შეუნარჩუნდება აზერბაიჯანის პრეზიდენტს ბაქოში დაბრუნების შემდეგაც”.

კარენ მირზოიანი
კარენ მირზოიანი

 

სანამ ყველა საზღვარზე ინციდენტებს განიხილავდა, ცხოვრება ყარაბაღში ჩვეულ რეჟიმში გრძელდებოდა. სტეპანაკერტი მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 23 წლისთავის საზეიმო ღონისძიებისთვის ემზადებოდა. თუმცა ამ დღესასწაულამდე რამდენიმე დღით ადრე აშშ-ის კალიფორნიის შტატის სენატმა დეპუტატ მაიკ გეტტოს ინიციატივას უმრავლესობით დაუჭირა მხარი და მიიღო რეზოლუცია AJR 32, რომელიც მხარს უჭერს ყარაბაღელ ხალხს გააგრძელონ ძალისხმევა დამოუკიდებელი და თავისუფალი სახელმწიფოს განვითარებისთვის. სენატმა ოფიციალურად მიმართა კონგრესს და აშშ-ის პრეზიდენტს, მხარი დაუჭირონ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თვითგამოხატვასა და დემოკრატიულ დამოუკიდებლობას.

 

ამასთან, კალიფორნია უკვე მეხუთე შტატია ამერიკისა, რომელმაც ცნო ყარაბაღის დამოუკიდებლობა. მანამდე იგი აღიარეს მასაჩუსეტსის, როდ აილენდის, მეინის და ლუიზიანას შტატებმა.

 

მასის მაილიანი, მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის საზოგადოებრივი საბჭოს თავმჯდომარე საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, მიიჩნევს, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის დამოუკიდებლობის აღიარება კალიფორნიის მიერ მნიშვნელოვანია, რადგანაც კალიფორნია აშშ-ის ერთ-ერთი გავლენიანი შტატია, რომელსაც ყველაზე მძლავრი ეკონომიკა აქვს. მისი აზრით, ეს აღიარება შეიძლება იქცეს სტიმულად სხვა შტატების მიერ ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის.

 

“აღიარებამ ასევე შეიძლება შექმნას კარგი პერსპექტივა მრავალმხრივი თანამშრომლობისთვის ყარაბაღის რესპუბლიკასა და კალიფორნიის შტატს შორის,” – დარწმუნებულია მასის მაილიანი.

მასის მაილიანი
მასის მაილიანი

 

მთიანის ყარაბაღის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი კარენ მირზოიანი, ასევე, მიესალმება კალიფორნიის შტატის სენატის მიერ რეზოლუციის მიღებას, რაც მხარს უჭერს მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის სწრაფვას.

 

“რეზოლუცია მოწოდებულია დაადასტუროს უბრალო რეალობა, რომ დღეს ცივილიზებული საზოგადოება ძალიან მაღალ შეფასებას აძლევს ყარაბაღის მიღწევებს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის პროცესში და უფრო და უფრო იხრება იქითკენ, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა და მისი ხალხი ღირსია გახდეს საერთაშორისო საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.

 

რეზოლუციის მიღება, ასევე, არის ნათელი ნიშანი იმისა, რომ ამაოა აზერბაიჯანის მცდელობა, ხელი შეუშალოს ყარაბაღის მთავრობისა და ხალხის ძალისხმევას, რომელიც მიმართულია თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობისკენ. დარმწუნებული ვარ, რომ მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის აღიარების პროცესი ლოგიკურ გაგრძელებას მიიღებს და უზრუნველყოფს ყარაბაღის ხალხის ოცნების განხორციელებას”, – განაცხადა მირზოიანმა.

კალიფორნიის სენატის გადაწყვეტილებას მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ეროვნული კრება გამოეხმაურა განცხადებით, რომელშიც აღნიშნულია, რომ საპარლამენტო ფრაქციები და დეპუტატების ჯგუფი მადლობას უცხადებენ კალიფორნიის შტატის მოსახლეობას, პოლიტიკოსებს – ყარაბაღის მეგობრებს და იმედს გამოთქვამენ, რომ აშშ, როგორც შუამავალი ქვეყანა აზერბაიჯან-ყარაბაღის კონფლიქტის დარეგულირებისთვის მოლაპარაკებების პროცესში, უყურადღებოდ არ დატოვებს კანონმდებლების მოწოდებასა და მხარს დაუჭერს ყარაბაღის მოსახლეობის მისწრაფებას, საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად.

 


  სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ანაიტ დანიელიანი სპეციალურად ნეტგაზეთისთვის, Karabakh-open.info-ს მთავარი რედაქტორი