“საუბრისას, ხაზგასმით აღინიშნა, რომ აშშ საქართველოს  სტრატეგიული პარტნიორია და მხარს უჭერს მის ჩრდილოატლანტიკურ ინტეგრაციას. ჩაკ ჰეიგელმა ამერიკის მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა ქვეყნის პირველ პირს ISAF-ის მისიაში ქართველი სამხედრო მოსამსახურეების მიერ შეტანილი წვლილისთვის. მხარეებმა უკრაინაში შექმნილი ვითარებაც განიხილეს, საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ისაუბრეს და საქართველო-რუსეთის ურთიერთობაზე იმსჯელეს”,-ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

ადმინისტრაციის ინფორმაციით, ჩაკ ჰეიგელმა გიორგი მარგველაშვილს აშშ-ის პრეზიდენტის მოკითხვა გადასცა და აღნიშნა, რომ ამერიკა კვლავაც გააგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დემოკრატიის განმტკიცებისა და ჩრდილოატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.  

 

გიორგი მარგველაშვილისა და ჩაკ ჰეიგელის შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, გენერალური შტაბის უფროსი ვახტანგ კაპანაძე, ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე, ადმინისტრაციის უფროსი დავით პატარაია და საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი აშშ-ში არჩილ გეგეშიძე.  

 

საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, აშშ-ის თავდაცვის მდივანმა შეხვედრა გამართა თავდაცვის მინისტრთან ირაკლი ალასანიასთან, იგი ასევე საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალთან იმყოფებოდა. ჩაკ ჰეგელმა საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლასა და საერთაშორისო მისიებში დაღუპული გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგო და მემორიალი გვირგვინით შეამკო. ჩაკ ჰეიგელი შეხვდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს, რომელსაც აშშ-ის პრეზიდენტის ბარაკ ობამას და ვიცეპრეზიდენტის ჯო ბაიდენის პირადი მოკითხვა გადასცა.

 

 ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივნის ორდღიანი ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 8 სექტემბერს დასრულდება.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *