“Media.ge-ს ჟურნალისტის ნატა ძველიშვილის განცხადებაზე გენისნპექციაში ზარი უკვე განხორციელებულია და გენისპექცია იკვლევს. რაც შეეხება მის თანხმლებ პირს, ის დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი ბოროტად დაუმორჩილებლობას. საქმე სასმაართლოშია გადაცემული”,-აცხადებს ნინო გიორგობიანი.

 

ნატა ძველიშვილის თქმით, პოლიციისადმი დაუმორჩილებლობა მისი მეგობრის მხრიდან არ ყოფილა, მეტიც, უშუალოდ მასსა და პოლიციელს შორის უფრო იყო შელაპარაკება, ვიდრე მის მეგობარსა და პოლიციელს შორის.

 

“ჩემთვის აბსოლუტურად გაუგებარია ბოროტად დაუმორჩილებლობა რას ნიშნავს, მეორეც ერთი, არანაირი დაუმორჩილებლობა არ ყოფილა, თუნდაც იმ მარტივი მიზეზიდან გამომდინარე, რომ პოლიციელებმა წაშალეს ჩვენი გადაღებული კადრები, ჩვენ წინააღმდეგობა რომ გაგვეწია, ფაქტია, რომ არ წავაშლევინებდით ამ კადრებს, ჩემი მეგობარი კი არა, მე უფრო ვუწევდი წინააღმდეგობას, ვეუბნებოდი, რომ ვარ ჟურნალისტი,  154-ე მუხლის ჭეშმარაიტებაზე ველაპარაკებოდი და ვუხსნიდი, რომ ხელს მიშლიდნენ მუშაობაში, რადგან ეს მუხლი მიცავს მე.  ჩემსა და პოლიციელს შორის უფრო იყო შელაპარაკება, ვიდრე ჩემს მეგობარსა და პოლიციელს შორის”,- ამბობს ნატა ძველიშვილი “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

 

მისივე თქმით, ერთადერთი, რაც მისმა მეგობარმა გააპროტესტა, პოლიციის მიერ მობლიურში სხვა პირადი ინფორმაციის გაცნობა და დათვალიერება იყო:

 

“როცა პოლიციამ წაშალა იმ ადგილას გადაღებული ფოტოები, პოლიციელმა დაიწყო სხვა ფოტოების თვალიერება, ჩემმა მეგობარმა უთხრა, რომ ამ ფოტოებს რატომ ათვალიერებთ, ეს ჩემი პერსონალური ინფორმაციაა, ძალიან მშვიდ ტონში, ხმისთვის არ აუწევია, ისე უთხრა. ამის შემდეგ კი, ვინც ხელმძღვანელობდა ამ ყველაფერს, მოუწოდა თანამშრომლებს, დაადეთ ხელბორკილი და წაიყვანეთო. ძალიან სამწუხაროა, თუ პოლიცია ასეთი მეთოდებით ცდილობს კრიმინალთან ბრძოლას, ის, რომ საზოგადოებაში უარყოფითი რეაქციები გამოიწვია ამ ხნის განმავლობაში გახშირებულმა მკვლელობებმა, იმის ნაცვლად, რომ ამ კუთხით რაიმე სხვა ღონისძიება გაეტარებინათ, 3 ეკიპაჟი მოცდა დახლოებით 2 საათით, რადგან მიხსნიდა, რომ გადაღების უფლება შუა ქუჩაში არ მქონდა, მაგრამ ვერც ერთ მუხლზე ვერ მიმითითა”,- ამბობს ძველიშვილი.

 

7 სექტემბერს, 01:00 საათზე პოლიციამ დააკავა მოქალაქე, რომელიც სპეციალურ საპოლიციო კონტროლს, ე.წ. რეიდს მობილურით  იღებდა. როგორც ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი, რომელიც დაკავებულ პირთან ერთად იმყოფებოდა, “მედია.გე”– სთან საუბარში აცხადებს, პოლიციამ მათ გადაღებული კადრების წაშლა მოთხოვა და იმ შემთხვევაში, თუ არ წაშლიდა გადაღებულ კადრებს, დაკავებით დაემუქრა. მისივე თქმით, პოლიციელებს საბუთები არ წარუდგენიათ და ჩამორთმეულ ტელეფონში  ფოტოების დათვალიერება დაიწყეს, მოგვინებით კი , ერთ-ერთმა პოლიციელმა ნატა ძველიშვილისი თანმხლების დაკავების ბრძანება გასცა. პოლიციელებმა ინცინდენტის დროს უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის  კითხვა, თუ სს კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე  აკავებდნენ მის თანმხლებს, როგორც ნატა ძველიშვილი ამბობს, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ დასძინეს, რომ დილით სასამართლო პროცესი გაიმართებოდა.

 

პოლიციური კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრო 5 სექტქმბერს განაახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ. პოლიციის შესახებ კანონის 22- ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება  პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც. რაც შეეხება კანონის 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი  საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.

 

“ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, რატომ გახდა საჭირო ამგვარი პრევენციული ღონისძიების ჩატარება, შსს-ში არ პასუხობენ და აცხადებენ, რომ მხოლოდ იმ მუხლების მითითება შეუძლიათ, რომელთა საფუძველზეც მოქალაქეების შემოწმება ხდება. საგამოძიებო უწყებაში არც ამგვარი ღონისძიებების გატარების სავარაუდო ვადას აკონკრეტებენ და არც იმას, მხოლოდ თბილისში ტარდება პრევენციული ღონისძიებები, თუ მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *