როგორც ჟურნალისტი ნატა ძველიშვილი, რომელიც დაკავებულ პირთან ერთად იმყოფებოდა, “მედია.გე”– სთან საუბარში აცხადებს, პოლიციამ მათ გადაღებული კადრების წაშლა მოთხოვა და იმ შემთხვევაში, თუ არ წაშლიდა გადაღებულ კადრებს, დაკავებით დაემუქრა.
„დაახლოებით ღამის პირველი საათისთვის მეგობრებთან ერთად გამოვდიოდი სუპერმარკეტ „სმარტიდან“ რუსთაველზე. დავინახე, რომ პატრული ჩხრეკდა ახალგაზრდებს, გადავწყვიტეთ გადაღება, მეც და ჩემმა ერთმა ნაცნობმაც. ამ დროს მოვიდა პატრულის რამდენიმე ეკიპაჟი და პირადობა და კადრების წაშლა მომთხოვა. მე არ ვშლიდი, ვუთხარი, რომ მქონდა გადაღების უფლება, ვიყავი ჟურნალისტი, ესეც რომ არა, ყველა მოქალაქეს აქვს საჯარო ადგილებში გადაღების უფლება-მეთქი, თუ არ წაშლი, დაგაკავებთო, დამემუქრნენ. რადგან მნიშვნელოვანი კადრი არ მქონდა, გადავწყვიტე წამეშალა. მეც და ჩემმა ნაცნობმაც წავშალეთ”,- აცხადებს ნატა ძველიშვილი “მედია.გე”-სთან საუბარში.
მისივე თქმით, პოლიციელებს საბუთები არ წარუდგენიათ და ჩამორთმეულ ტელეფონში ფოტოების დათვალიერება დაიწყეს, მოგვინებით კი, ერთ-ერთმა პოლიციელმა ნატა ძველიშვილის თანმხლების დაკავების ბრძანება გასცა. პოლიციელებმა ინცინდენტის დროს უპასუხოდ დატოვეს ჟურნალისტის კითხვა, თუ სს კოდექსის რომელი მუხლის საფუძველზე აკავებდნენ მის თანმხლებს. როგორც ნატა ძველიშვილი ამბობს, მოგვიანებით პოლიციის განყოფილებაში სამართალდამცველებმა განუმარტეს, რომ დაკავებულს ბრალად ედება პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა, მათ დასძინეს, რომ დილით სასამართლო პროცესი გაიმართებოდა.
“ნეტგაზეთი” დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, რათა გაერკვია, რა კანონდარღვევის საფუძველზე დააკავეს პირი და რატომ წააშლევინეს გადაღებული მასალა მოქალაქეებს, შსს-ში ამ საკითხს ჯერჯერობით არკვევენ.
პოლიციური კონტროლი შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 სექტქმბერს განაახლა, შინაგან საქმეთა სამინისტროში “ნეტგაზეთს” განუმარტეს, რომ მოქალაქეებს პოლიციის შესახებ კანონის 22-ე და 24-ე მუხლების საფუძველზე ამოწმებენ. პოლიციის შესახებ კანონის 22- ე მუხლი პირის ზედაპირულ შემოწმებას და დათვალიერებას გულისხმობს. კანონის თანახმად, პირის ზედაპირული დათვალიერება, მისი ტანსაცმლის გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთ ან საშუალებით შეხებას ნიშნავს და ამის გაკეთების უფლება პოლიციელს პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში შეუძლია სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ პირს თან აქვს ნივთი, რომლის გადატანა შეზღუდულია და საფრთხეს უქმნის მის ან სხვა ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ამავე კანონის ფარგლებში პოლიციელი უფლებამოსილია შეამოწმოს სატრანსპორტო საშუალებაც. რაც შეეხება კანონის 24- მუხლს, იგი სპეციალურ საპოლიციო კონტროლს გულისხმობს, რომელიც იმ შემთხვევაში ხორციელდება, თუ არსებობს საკმარისი საფუძველი ვარაუდისთვის, რომ ჩადენილია ან მომავალში იქნება ჩადენილი დანაშაული ან სამართალდარღვევა.
