“ნატოს სამიტის დეკლარაცია ამბობს, რომ მუდმივი და გაჭიანურებული კონფლიქტები ზიანს აყენებს რეგიონის მოქალაქეების შესაძლებლობას მიაღწიონ სრულ პოტენციალს, როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების წევრებმა. ტექსტი მიმართავს შეგნებულად  “მოქალაქეებს” და ინდივიდების თავისუფლად მოგზაურობის, ვაჭრობის, წარმატების მიღწევის შესაძლებლობას. ტექსტი შეგნებულად არ მიმართავს “სახელმწიფოებს”, რადგან ნატო არ დაუშვებს, რომ ნებისმიერმა მესამე მხარემ შეაჩეროს გაფართოების პროცესი კონფლიქტის შექმნით ან გაყინვით. ასპირანტი ქვეყნები შეფასდებიან მათი რეფორმებით, მათი მზადყოფნით და ნატოს მზადყოფნით”, – წერს ჯეიმს აპატურაი.

 

“რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ოკუპაციამ და სამხედრო ინტერვენციამ აღმოსავლეთ უკრაინაში გამოიწვია ნატოს პარტნიორების ლეგიტიმური შეშფოთება აღმოსავლეთ ევროპაში. მოკავშირეები გააგრძელებენ პარტნიორების უფლების მხარდაჭერას, გააკეთონ დამოუკიდებელი და სუვერენული არჩევანი მათი საგარეო და უსფრთხოების პოლიტიკის კუთხით, რომელიც თავისუფალი იქნება გარე  ზეწოლისგან და იძულებისგან. მოკავშირეებმა  ასევე დაადასტურეს მათი მხარდაჭერა სომხეთის, აზერბაიჯანის, საქართველოს  და მოლდოვის დამოუკიდებლობის, ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ.

 

ამ კონტექსტში ჩვენ გავაგრძელებთ  სამხრეთ კავკასიაში  და მოლდოვაში კონფლიქტის მშვიდობიანი  მოგვარების ძალისხმევის მხარდაჭერას, რომელიც დაფუძნებულია საერთაშორისო სამართლის, გაეროს წესდების და ჰელსინიკის დასკვნითი აქტის  პრინციპებზე და ნორმებზე. გაჭიანურებული კონფლიქტების არსებობა განსაკუთრებული შეშფოთების საგანს წარმოადგენს, რადგან ზიანს აყენებს რეგიონის მოქალაქების შესაძლებლობას, მიაღწიონ სრულ პოტენციალს როგორც ევროატლანტიკური საზოგადოების სრულმა წევრებმა.  ჩვენ მოვუწოდებთ ყველა მხარეს, კონსტრუქციულად ჩაერთოს და გააძლიეროს პოლიტიკური ნება კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებისთვის დადგენილი მოლაპარაკებების ჩარჩოების ფარგლებში”- ვკითხულობთ ნატოს უელსის სამიტის დეკლარაციის 30-ე და 31-ე პუნქტებში. 

 

ჯეიმს აპატურაის განმარტებამდე დეკლარაციაში გგაჭიანურებული კონფლიქტების შესახებ ჩანაწერის გაჩენას ქართული დიპლომატიის მარცხი უწოდა საპარლამენტო უმცირესობის წევრმა გიორგი კანდელაკმა:

 

“როცა პრემიერ-მინისტრს მიეცა საშუალება ჩასულიყო ბერლინში და შეხვედროდა გერმანიის კანცლერს, მისი მთავარი სათქმელი ის იყო, რომ რუსეთთან ყველაფერი კარგად არის და მაპის თემის აქტუალიზება არ მომხდარა. მაპის თემის დღის წესრიგიდან, ფაქტობრივად,  ნიველირება და მოხსნა არის მათ შორის “ქართული ოცნების” ძალიან ცუდი მუშაობის შედეგი. ამავე დროს სამიტის კომუნიკეში გაჩნდა ფორმულირება, რომელიც შეგვიძლია გავიგოთ ნაწილობრივ მაინც, რომ კონფლიქტების მოგვარება გაწევრიანების წინაპირობას წარმოადგენს, რაც არის ქართული დიპლომატიის   მარცხი, იმიტომ, რომ ნატოს პრინციპული პოზიცია იყო აქამდე სწორედ ამის საპირისპირო, რომ კონფლიქტები ვერ იქნება განხილული ნატოში გაწევრიანების წინაპირობად”,- განაცხადა გიორგი კანდელაკმა “რუსთავი 2”-თან საუბრისას.

 

ნატოს უელსის სამიტი 4-5 სექტემბერს გაიმართა. საქართველოს დელეგაციას პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ხელმძღვანელობდა. ნატოს უელსის სამიტზე, საქართველოსთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებები, შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე.

Leave a comment

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *