ბრაძანების მიხედვით, სამხატვრო აკადემიის რექტორის თანამდებობის დაკავება შეუძლია პირს, რომელსაც აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პროფესორის აკადემიური თანამდებობა უკავია.
სტუდენტების თქმით, ამ ბრძანებით კიდევ უფრო შემცირდა იმ ადამიანების წრე, ვისაც შეუძლიათ რექტორის არჩევნებში მონაწილეობის მიღება, რაც მათ არადემოკრატიულ პროცესად მიაჩნიათ.
“ადამიანებს, რომლებიც სამხატვრო აკადემიის პროფესორები არ არიან, უფლება არ აქვთ, რომ საბუთები შეიტანონ და მონაწილეობა მიიღონ კონკურსში,” – ამბობს აქციის მონაწილე, მხატვარი ლუიზა ლაფერაძე.
“ცხადია, რომ თუ უფრო მაღალი რანგის პროფესიონალები, თანამედროვე ხელოვანები, საღი კონცეფციის ადამიანები შემოიტანენ აკადემიის კონკურსში თავიანთ პროგრამას, მათი პროგრამა განსხვავებული იქნება იმათგან, ვინც შინგით, აკადემიიდან შემოიტანს და არჩევანის საშუალება გაჩნდება. ახლა არჩევანის საშუალება არ არის,” – თქვა აქციის მონაწილემ, ნატა ნებიერიძემ.
აქციის მონაწილეებმა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს წინ, ტროტუარზე გააკეთეს წარწერა –”შენც ბრუტუს?!”. სტუდენტების თქმით, მათ ქონდათ იმედი, რომ ახალი მინისტრი სახელოვნებო სასწავლებლების პოლიტიკაში რაიმეს შეცვლიდა.
“იმედი მოგვეცა, რომ მისი მოსვლით რაიმე შეიცვლებოდა იმ პოლიტიკაში, რომელიც სახელოვნებო სასწავლებლებს ეხება. მაგრამ, სამწუხაროდ, პირველ სექტემბერს მიღებული მისი გადაწყვეტილებით ჩვენ ეჭვი შეგვეპარა ჩვენს იმედში,” – გვითხრა ნატა ნებიერიძემ.
ლუიზა ლაფერაძე მიიჩნევს, რომ ეს ცვლილება სიახლეს არ მოუტანს სამხატვრო აკადემიას.
“ეს ჩაკეტილი წრე, რომელიც აკადემიაშია, ისევ რჩება ამ მდგომარეობაში, არანაირი ცვლილებისთვის მზაობა არ არის აკადემიის პროფესორების მხრიდან,”– თქვა ლუიზა ლაფერაძემ.
კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი კი ფიქრობს, რომ 1 სექტემბერს განხორციელებული ცვლილება პროცესს უფრო დემოკრატიულს და გამჭვირვალეს გახდის.
“ზუსტად ის ცვლილება დებულების, რომელიც განხორციელდა სულ რამდენიმე დღის წინ, ამ ჩაკეტილობას ხსნის და უაღრესად დემოკრატიულს ხდის და გამჭვირვალეს მთლიანად პროცესს. აქ საუბარი არის იმაზე, რომ არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეუძლია პროფესრს, რომელიც მოღვაწეობს საქართველოში, ან საზღვარგარეთ აკრედიტირებულ, ანუ კონკრეტული ქვეყნის მოთხოვნების შესაბამისობაში მყოფ უმაღლეს სასწავლებელში, სადაც სახელოვნებო დისციპლინები ისწავლება,” – თქვა მიხეილ გიორგაძემ.
მინისტრს რექტორის თანამდებობის დასაკავებლად შემოღებული ცენზი საჭიროდ მიაჩნია.
“თუ სტუდენტებს პრეტენზია აქვთ ცენზთან დაკავშირებით, ეს მათი აზრია, მე კატეგორიულად წინაღმდეგი ვარ ამის, იმიტომ რომ გარკვეული ცენზი უნდა ქონდეს. სხვა სასწავლებლებს თუ გადავხედავთ, იქ უფრო მაღალიც ცენზიც არის დაწესებული, იქ საუბარი არის დოქტორის წოდებაზე, ან მასთან გათანაბრებულ წოდებაზე,”– თქვა მინისტრმა.
როგორც მიხეილ გიორგაძემ განაცხადა, ამ ცვლილების გადახედვას აღარ აპირებს.


