ახალი ამბები

საქართველო ღია მმართველობისთვის 27 ვალდებულებას იღებს

5 სექტემბერი, 2014 • • 919
საქართველო ღია მმართველობისთვის 27 ვალდებულებას იღებს

იუსტიციის სამინისტროს პრესსამსახურის ცნობით, თეა წულუკიანმა მთავრობას იუსტიციის სამინისტროს კოორდინაციით შემუშავებული დოკუმენტი გააცნო, რომელიც „ღია მმართველობა საქართველოს“ ფორუმის ფარგლებში მომზადდა. ფორუმის მუშაობაში მონაწილეობდნენ საჯარო დაწესებულებების, არასამთავრობო, ასევე, საერთაშორისო ორგანიზაციათა წარმომადგენლები.

 

“ყველაზე აქტუალური პრობლემების გამოსავლენად და სამოქმედო გეგმაზე მუშაობაში ფართო საზოგადოების ჩართვის მიზნით იუსტიციის სამინისტრომ საქართველოს 15 ქალაქში საჯარო კონსულტაციებიც გამართა. „ღია მმართველობა საქართველოს“ 2014-2015 წლების სამოქმედო გეგმაში 27 ვალდებულებაა, რომელთაც საქართველო ღია და გამჭვირვალე სახელმწიფო მმართველობის სისტემის უზრუნველსაყოფად იღებს. მათ შორისაა: ინფორმაციის თავისუფლების კანონის შემუშავება; პეტიციების ელექტრონული სისტემის შექმნა; ღია მონაცემების პორტალის − www.data.gov.ge − ამოქმედება; საჯარო სამსახურში მიღების მიუკერძოებელი წესების შემუშავება; საჯარო მოხელეთა ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგის სისტემის შექმნა; ფარული მიყურადების შესახებ სასამართლო სტატისტიკის გამოქვეყნება; საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება; საჯარო ბიბლიოთეკების მოდერნიზება; საბიუჯეტო პროცესებთან დაკავშირებით საზოგადოების ინფორმირების მექანიზმის ჩამოყალიბება”, – ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.

 

ღია მმართველობის პარტნიორობა (Open Government Partnership – OGP) აშშ-ისა და ბრაზილიის პრეზიდენტების ინიციატივით 2011 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია მთავრობათა გამჭვირვალობის, ანგარიშვალდებულებისა და ეფექტიანობის გაზრდა. დღეისათვის „ღია მმართველობის პარტნიორობა“ 64 სახელმწიფოს აერთიანებს.

 

“საქართველო პარტნიორობის ერთ-ერთი წარმატებული წევრია. მის ფარგლებში განხორციელებული ინიციატივების შედეგად, შესაძლებელი გახდა საჯარო ინფორმაციის პროაქტიულად გამოქვეყნება და მისი ელექტრონულად გამოთხოვა; გაიზარდა ქონებრივი დეკლარაციის წარდგენაზე პასუხისმგებელ თანამდებობის პირთა წრე; შეიქმნა მოქალაქის პორტალი www.my.gov.ge. საქართველოს, როგორც ღია მმართველობის პარტნიორობის წევრი ქვეყნის, წარმატების დასტურია ის, რომ 2014 წელს ქვეყანა „OGP“-ის მმართველი კომიტეტის წევრად აირჩიეს. საქართველოს მთავრობას კომიტეტში იუსტიციის მინისტრი წარმოადგენს”, – აცხადებენ სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი